„ქურთუკი, ქამარი და ფანები მოვპარე“ | დვალიშვილმა ომალიზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა შონ ომალიზე ისაუბრა. „მანქანამ“ არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „შუგასთან“ მარტივი ორთაბრძოლა არ ელოდება.
„ვფიქრობ, შონ ომალიმ რემატჩი დაიმსახურა და ვნახოთ, რა მოხდება. პირველი ორთაბრძოლის შემდეგ, თავის გამართლება უამრავი მიზეზით სცადა. ოპერაცია ჩაიტარა და ახლა ჯანმრთელადაა. ვიცი, რომ საბრძოლო სტილში ცვლილებებს შეიტანს და აბსოლუტურად განსხვავებული ჩხუბი იქნება. როგორც შუგამ თქვა, თუ არ გინდათ არ უყუროთ, თუმცა, მჯერა, საინტერესო დაპირისპირებას იხილავთ. ომალი თავიდანვე შემომიტევს და მინდა, ჩემი სტრაიკინგი გამოვცადო. როცა ტიტულზე პირველად ვიჩხუბე, უფრო გაწონასწორებულად და ჭკვიანურად ვმოქმედებდი, ახლა კი ვაპირებ, ბოლომდე შევუტიო და მაგარი ორთაბრძოლა იქნება.
არ ვთვლი, რომ ომალისთან მარტივი ჩხუბი მელოდება. ყველა მეუბნება, რომ იოლი გასეირნება მექნება და გავიმარჯვებ, მაგრამ ასე არაა. შუგას ნოკაუტისთვის საჭირო ძალა აქვს და ეს პირველ ჩხუბშიც გამოჩნდა. პატარაზე შემეხო და ვიგრძენი, რა ძალა აქვს. მოთმინება უნდა გამოვიჩინო და ჭკვიანურად ვიჩხუბო. საერთოდ სხვანაირი ორთაბრძოლა იქნება. დარწმუნებული ვარ, ცვლილებებს შეიტანს, თეიქდაუნების მცდელობებისას თავს უკეთესად დაიცავს და პირველივე წუთიდან აგრესიული იქნება.
იქნება თუ არა ომალი 70 პროცენტით უკეთესი? კი, მჯერა, ასე იქნება. ჩემპიონი ვარ და მოდუნების უფლება არ მაქვს. აქამდე თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით მოვედი და ასე უნდა გავაგრძელო. შონთან შეხვედრა UFC PI-ში? ძალიან მაგარი მომენტი იყო. შუგა სასაცილო და საყვარელი ადამიანია, მშვენიერი მებრძოლიცაა და მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს. სიმართლე გითხრათ, ომალის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ქურთუკი, ქამარი და ფანები მოვპარე, შემდეგ კი თავმდაბალი გავხადე და ახლა საერთოდ სხვა ადამიანია“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და ომალის მეორე დაპირისპირება UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება და ჩხუბს თბილისის დროით, 8 ივნისს ვიხილავთ. „შუგა“ დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს და საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს. მისი თქმით, მეორე ჩხუბში 70 პროცენტით უკეთეს ომალის ვიხილავთ და ეს მოსაგებად საკმარისი იქნება.