„ილია ცარუკიანთან მხოლოდ ამ შემთხვევაში იბრძოლებს“ - თოფურიას მწვრთნელი
ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „ლეგენდა“ არმან ცარუკიანთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში იბრძოლებს. ესპანელი მწვრთნელი ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდება, თუ ისლამი წონის შეცვლას გადაწყვეტს და UFC ქართველ მებრძოლს ცარუკიანთან საჩემპიონო ბრძოლას ჩაუნიშნავს.
„ცარუკიანთან ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მახაჩევი წონით კატეგორიას შეიცვლის“, - განაცხადა კლიმენტმა.
ილია თოფურიამ რამდენიმე თვის წინ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დათმო იმ პირობით, თუ მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლას მიიღებდა, თუმცა, დაღესტნელი მებრძოლი ქართველთან ჩხუბზე ამ დრომდე უარს ამბობს და თავს არიდებს.
მედიაში იწერება ისიც, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ბელალ მუჰამედის საშუალო წონაში გადასვლას ელოდება, რის შემდეგაც თავად ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლებს და შესაბამისად, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ვაკანტურს გახდის.