გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მის შესაჩერებლად გეგმაა საჭირო“ | Manchester Evening News-ი მიქაუტაძეზე წერს

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეტოქე გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ გახლავთ. ცნობილმა მანჩესტერულმა პორტალმა, Manchester Evening News-მა მოახლოებულ დაპირისპირებაზე დაწერა და ქართველ თავდამსხმელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

„მიმდინარე სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედის წარმატება ან წარუმატებლობა მთლიანად ევროპა ლიგაზეა დამოკიდებული. სათასო დაპირისპირებებიდან ნაადრევად გამოვარდნილი და პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილზე მყოფი გუნდისთვის, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა, საშინაო პრობლემებიდან ყურადღების გადატანის კარგი საშუალებაა.

რუბენ ამორიმს აქვს შანსი, სადებიუტო სეზონი ტიტულით დაასრულოს და ბონუსის სახით, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, მაგრამ მისი გუნდის მეტოქე ლიონია და თუ მანჩესტერ იუნაიტედს მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს, მოუწევს, მიმდინარე სეზონში ფრანგული კლუბის თანასაუკეთესო ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის შესაჩერებელი გეგმა შეიმუშაოს.

24 წლის ფორვარდმა საფეხბურთო სამყაროს თავი ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრებში გააცნო. ჯვაროსნების პირველ დიდ ტურნირზე, მან ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გაიტანა, რომელთა შორის, პორტუგალიასთან მოგებული ცნობილი თამაშიც იყო. საქართველო მერვედფინალში გავიდა და წითელი ეშმაკების ლეგენდისგან, როი კინისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

გიორგი მიქაუტაძე გოლს აღნიშნავს

საბოლოოდ, ჯვაროსნები მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან დამარცხდნენ, მაგრამ მიქაუტაძემ თავისი კვალი მაინც დატოვა. მის მიერ გატანილი სამი გოლი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ჰარი კეინთან, ჯამალ მუსიალასთან, კოდი გაკპოსთან, დანი ოლმოსთან და ივან შრანცთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო და ოქროს ბუცი მიეღო.

ზაფხულში, ის მეციდან ლიონში გადავიდა და მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 14 გოლი გაიტანა. პაულო ფონსეკას ლიონში დანიშვნის შემდეგ, მიქაუტაძემ სცადა, პორტუგალიელი სპეციალისტის სათამაშო სტილთან ადაპტაცია გაევლო, რათა კარის წინ უფრო შეუბრალებელი გამხდარიყო.

ლიონი ლიგა 1-ში მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ფრანგები ევროპა ლიგაზეც კარგად გამოიყურებიან და ჯგუფურ ეტაპზე, მეოთხედფინალში გასული ორი გუნდი, რეინჯერსი და აინტრახტი დაამარცხეს. ლიონთან დუელი მანჩესტერისთვის სერიოზული გამოცდა იქნება და თუ ამორიმის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს, უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომლითაც გააჩერებს ფეხბურთელს, რომელმაც იცის, უდიდეს სცენაზე მაღალი დონე როგორ აჩვენოს“, - წერს Manchester Evening News-ი.

შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი დაპირისპირება საფრანგეთში გაიმართება და შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისმა კვარას გაყიდვით ინტერს დიდი საჩუქარი გაუკეთა“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა
„დე ლაურენტისმა კვარას გაყიდვით ინტერს დიდი საჩუქარი გაუკეთა“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა