UFC-ის ღონისძიება საქართველოში? | რას ამბობს მერაბ დვალიშვილი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „მანქანამ“ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და საქართველოში UFC-ის ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„ჩემი მომდევნო ორთაბრძოლა ნიუ ჯერსიში (ქალაქ ნიუარკში) გაიმართება და იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. ჩხუბს ბევრი ჩემი მეგობარი და თანაგუნდელი დაესწრება. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, საქართველოში UFC-ის ღონისძიების გამართვა შეუძლებელია, მაგრამ ნიუ ჯერსიში ისე ვიქნები, როგორც საკუთარ სახლში.
UFC-ის ღონისძიება საქართველოში? საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს. ჩემი მეგობარი, დავით ნატროშვილი ცდილობს, საბრძოლო ორგანიზაცია საქართველოში ჩაიყვანოს. UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარების იდეა პირველად გიგა ჭიკაძემ გააჟღერა და ამ თემაზე დიალოგი მეც მქონდა, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით, ეს ძალიან ძნელია. თანაც, ორი ჩემპიონი ვართ და Pay per View ღონისძიებას ვერ ვუმასპინძლებთ, Fight Night-ი უნდა იყოს, რომელზეც ჩვენ ვერ ვიჩხუბებთ. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა და საქართველოში UFC-ის ღონისძიება გაიმართება“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს. „მანქანისა“ და „შუგას“ ჩხუბი UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება და ღონისძიება თბილისის დროით, 8 ივნისისთვის არის ჩანიშნული.