დეკლან რაისის შოუ - არსენალმა რეალი გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ლონდონის არსენალმა რეალს უმასპინძლა და უშანსოდ 3:0 გაანადგურა.
მეთოფეები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. პირველ ტაიმში მასპინძლები უტევდნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლი არ გავიდა. ყველაზე რეალური მომენტი კილიან მბაპეს ჰქონდა, რომელიც დავიდ რაიასთან პირისპირ დარჩა და ვერ გაუტანა.
მეორე ნახევარი იგივე სცენარით გაგრძელდა. ტიბო კურტუა საოცარ ბურთებს იღებდა, თუმცა დეკლან რაისის ჯარიმების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
ინგლისელმა ნახევარმცველმა 58-ე და 70-ე წუთებზე ერთი მეორეზე ლამაზი ჯარიმები გაიტანა. 75-ე წუთზე მიკელ მერინომ ბრწყინვალე დარტყმით აიღო მადრიდელთა კარი და მატჩის საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.