ზედიზედ მეორედ - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთან დამარცხდა
2025 წლის ქალთა ერთა ლიგის C ლიგის მეორე ჯგუფის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები მალტას ესტუმრა და სამწუხაროდ 2:1 დამარცხდა.
მატჩმა საკმაოდ დაბალ ტემპში ჩაიარა. ანგარიში რეიჩელ კუშიერიმ 39-ე წუთზე გახსნა შორეული დარტყმით გახსნა. ამ შემთხვევაში თათია გაბუნია უძლური იყო.
პირველი ტაიმის მიწურულს, უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ნათია დანელიამ კუთხური ჩააწოდა, რის შემდეგაც მსაჯმა მიანიშნა, რომ გოლი გავიდა, თუმცა ძალიან მალე გააუქმა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. კარგი შანსი ჰქონდა ტატა მატვეევას, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ვერ გაიტანა. ასევე, თეონა ბაქრაძეს ურთულესი დარტყმა აუღო მასპინძელთა მეკარემ.
მალტამ მეორე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. მე-60 წუთზე თავი ბუგეჯამ გამოიჩინა. 82-ე წუთზე ირის ანტმანის შეგირდების ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ხარბუზანიას დარტყმის შემდეგ, ბურთი კარის ძელს მოხვდა. 84-ე წუთზე საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი მარიამ კალანდაძემ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრებს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ანტმანის გაწვრთნილი გუნდი ანდორას ესტუმრება. მატჩი 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.