“დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენი ასტონ ვილას უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბირმინგემული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ემერიმ?
„პარი სენ ჟერმენში ორი წელი გავატარე, მაგრამ, რაც იქ გავაკეთე, ახლა ყველაფერი ჩემს უკან დარჩა. ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ ვარ პარიზში, თანაც ასტონ ვილასთან ერთად მეოთხედფინალში. ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. ემილიანო მარტინესი? ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და ამის დასტურად წელს პარიზში ჯილდოც მიიღო. იმედი მაქვს, სტადიონზე მას პატივს სცემენ.
ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ლივერპული დაამარცხა. ტაქტიკურად მზად ვართ და სიამოვნებით გავალთ ხვალ მოედანზე. რაშფორდი კარგი და თავმდაბალი ადამიანია, ასევე კარგი ფეხბურთელი. ნელ-ნელა გუნდს უკეთ ერგება. ხვალ დროის და ემოციების კონტროლი მომიწევს. დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია.
ფეხბურთი ძალიან რთული სპორტია. ხვალ ფეხბურთელებს აუცილებლად ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ. მარკინიოსის დანაკლისი? ჩვენ პატივს ვცემთ პსჟ-ს ყველა ფეხბურთელს. ვიცნობ მარკინიოსს და ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მისი ჩანაცვლება შეუძლიათ.“
შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი პარი სენ ჟერმენს 2016/2018 წლებში წვრთნიდა. ესპანელი სპეციალისტის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონება სწორედ ფრანგულ გრანდში მუშაობის დროს ფიქსირდება.
ემერიმ 2017 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას საკუთარ კედლებში 4:0 მოუგო, ხოლო სტუმრად 6:1 წააგო და გათამაშებას დაემშვიდობა. პსჟ-ს და ასტონ ვილას დაპირისპირება 9 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.