ასტონ ვილა, ხვიჩა კვარაცხელია, უნაი ემერი, მარკუს რაშფორდი, მარკოს ასენსიო
Aa Aa

ანალიზი: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა? იქნება გოლების წვიმა?

9 აპრილის საღამოს (23:00) პარიზში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება გაიმართება. „პარკ დე პრენსზე“ პსჟ „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელია შეეცდება კახა კალაძის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

მატჩის შემდგომ ტაქტიკურ ვიდეო ანალიზს ტრადიციულად Crystalsport-ის იუთუბ არხზე ცრუ ცხრიანში შემოგთავაზებთ. იქამდე კი დღეს გთავაზობთ სტატიას, რომლითაც უნაი ემერის გუნდზე წარმოდგენა შეგექმნებათ. რას წარმოადგენს „ასტონ ვილა“? ვინ არის გუნდში საკვანძო მოთამაშე? რა სქემით თამაშობენ? რას უნდა ველოდოთ პსჟ-ს წინააღმდეგ? როგორ ვითარდება კლუბი და საიდან იღებს სათავეს მათი შემადგენლობის ასეთი რადიკალური ფორმირება? ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

„ასტონ ვილამ“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად და უკანასკნელად 1982 წელს როტერდამში „ბაიერნის“ დამარცხების (1:0) შემდეგ მოიგო. ამჯერად კი უნაი ემერისთან ერთად საკმაოდ არაპროგნოზირებად და საინტერესო გუნდად იქცა, რომელიც პრემიერლიგაში გრანდებს ტოლსწორად ეთამაშება.

ვინ და როგორ ააწყო ეს გუნდი? მონჩის მაგია

რამონ როდრიგეს ვერდეხო - იგივე მონჩი. სპორტული დირექტორი, რომელიც „ასტონ ვილაში“ საჭირო ტრანსფერებს მარტივად აგვარებს და შედეგად, გუნდს დიდი სკამი ჰყავს. ყველაზე მთავარი კის არის, რომ ბირმინგემელთა რიგებში ბევრი ინდივიდუალისტი თამაშობს.

მონჩი საფეხბურთო მსოფლიოსთვის „სევილიადან“ გახდა ცნობილი, სადაც 2000-დან 2017 წლამდე იმუშავა. დანი ალვეში, ფრედერიკ კანუტი, ლუიშ ფაბიანო, სეიდუ კეიტა - და უამრავი გვარი, რომელიც მონჩის სახელს უკავშირდება. ანდალუსიურმა კლუბმა კი იმ წლებში უეფას თასი (ევროპა ლიგა) 5-ჯერ, უეფას სუპერ თასი 1-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ და ესპანეთის სუპერ თასი 1-ჯერ მოიგეს. სევილიელებისთვის ეს ოქროს ხანა იყო, რომელშიც მონჩის წვლილი უდიდესია.

„რომაში“ მას ვერ გაუგეს და იმხელა ნდობაც არ ჰქონია, რამდენსაც თავად ითხოვს ხოლმე, რის შემდეგაც 2023 წელს მონჩიმ „ასტონ ვილასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე შედეგებიც სახეზეა. გუნდი ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

უნაი ემერი - „პატარა გუნდების დიდი მწვრთნელი“

ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს ისეთი ფეხბურთელი, რომლისგანაც ბევრს ელოდნენ, საშუალო დონის გუნდებში კარგად თამაშობდა და გრანდში გადასვლის შემდეგ, მისმა ფსიქოლოგიამ ვერ გაუძლო და კარიერული უკუსვლა განიცადა.

ასეთი რამ მწვრთნელებშიც ხდება ხოლმე და უნაი ემერი ამის ნათელი მაგალითია.

ემერის ევროპა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული. სამჯერ „სევილიასთან“, ხოლო ერთხელ „ვილიარეალთან“ ერთად. ფინალებში „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰყავს დამარცხებული. ჩემპიონთა ლიგაზე კი „ვილიარეალთან“ ერთად 2021-2022 წლების იმ საოცარ სეზონში „იუვენტუსს“ და „ბაიერნს“ აჯობა.

მოკლედ, ემერი თავს ყველაზე კომფორტულად საშუალო დონის კარგი რესურსის მქონე კლუბებში გრძნობს, რომლებსაც თავის გემოზე ალაგებს და შედეგსაც სტაბილურად დებს. ამჯერადაც, მისი ფორმაციის „ასტონ ვილა“ ძალიან საინტერესო და სახიფათო გუნდია, რომელიც წლიდან წლამდე უმატებს. მოსალოდნელია, რომ გაისად ბირმინგემელები კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

ემერის არ მოსწონს, როცა ფავორიტია, როცა გრანდშია და შედეგებს გარანტირებულად სთხოვენ. ასეთი 2 შემთხვევა ჰქონდა - პსჟ და „არსენალი“, სადაც ორივე შემთხვევაში ზედმეტ წნეხს ვერ გაუმკლავდა, მაგრამ ახლა იქ არის, სადაც უნდა იყოს.

ტაქტიკა: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა?

მონჩის ფაქტორზე უკვე ვისაუბრე. ბირმინგემელებს გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავთ. იანვარში კლუბმა მარკუს რაშფორდი, მარკოს ასენსიო და დონიელ მალენი დაიმატა. ნიდერლანდელი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაარეგისტრირეს, რადგან პლეი-ოფებში განაცხადში მხოლოდ 2 ახალი მოთამაშის დამატება შეგიძლია.

ემერის გუნდი ძირითადად 4-2-3-1 სქემით თამაშობს. ფოტოზე რა შემადგენლობაც არის, ეს მეტ-ნაკლებად ობიექტურია, თუმცა პრაქტიკულად წარმოუდგენელია მატჩამდე „ასტონ ვილას“ თერთმეტეული ვინმემ გამოიცნოს. რატომ? გუნდმა 2025 წელს ყველა ტურნირზე 20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. და ზედიზედ 2 მატჩშიც კი ასტონ ვილას იდენტური 11-ეულით არ უთამაშია. ყოველ მეორე შეხვედრაში ბირმინგემელები სასტარტოში რამდენიმე მოთამაშეს ცვლიან. ასეთ რამეს, მსგავს ანალოგს ისტორიაში რთულად თუ მოძებნით.

ეს ორ რამეზე მეტყველებს: ძალიან ღრმა შემადგენლობაზე და გუნდის, როგორც ერთიან მექანიზმზე, რომლის ყველა რგოლი ზუსტად მუშაობს.

მორგან როჯერსი, ჯეიკობ რემზი, ოლი უოტკინსი, იური ტილემანსი, ჯონ მაკგინი, მარკუს რაშფორდი, მარკოს ასენსიო, პაუ ტორესი, ამადუ ონანა, ლუკა დინი, ეზრი კონსა, მეტი კეში, იან მაატსენი - მოკლედ, ემერის უამრავი მოთამაშე ჰყავს, რომელთა გამოყენებითაც საინტერესო ტაქტიკით თამაშია შესაძლებელი. მთავარი პერსონაჟი კი ემილიანო მარტინესია. მსოფლიოს ჩემპიონი და ნამდვილი მენტალური მონსტრი!

იმედი ვიქონიოთ, რომ პენალტების სერიებამდე საქმე არ მივა, თორემ იქ შეშლილი არგენტინელის ბარიერის დაძლევა ურთულესი ამოცანა იქნება...

4-2-2-2 - ემერის მონახაზი მატჩის მსვლელობისას ასეთ სახეს იღებს. ესპანელი სპეციალისტი გარემარბებს უფრო მეტად ცენტრისკენ წევს და ფლანგებზე მეტოქის მცველების გატყუებას არ ცდილობს. ბირმინგემელები ცენტრს ტვირთავენ და მათი თამაშიც ძირითადად ამ ზონაშია. ფლანგებს განაპირა მცველები აკონტროლებენ. მარკოს ასენსიო კი თავისუფალი „მოხეტიალეა“.

ამ შემთხვევაში იდეალურად ჩანს, თუ როგორ და რა სივრცეში მოძრაობენ „ასტონ ვილას" შემტევები.


ზონა 14 ამჯერადაც გვხვდება. ამ სივრცეს ემერიც აქტიურად იყენებს და ეს ყველაფერი მარკოს ასენსიოს მეშვეობით ხდება.

29 წლის ესპანელი ცენტრფორვარდის უკან არსებულ სივრცეს ითვისებს. თავიდან ის ნახევარმცველებთან სიღრმეში ჩადის, შემდეგ კი შეტევის ან კონტრ-შეტევის მომენტში თავისი ზონისკენ მიზანმიმართულად მიიწევს.

ცენტრფორვარდთან ასენსიოს შეთანხმებული მოქმედება ცალკე თამაა. მცველების გატყუების მანევრი ვარჯიშებზე აშკარად კარგად აქვთ დამუშავებული.

ბირმინგემელებს გრძელი პასების მხრივად არაფერი უჭირთ. ტილემანსი ამ საქმეში დიდოსტატია და ასეთ გადაცემებს გვთავაზობს ხოლმე, თუ საჭირო სივრცე იპოვა. შეტევაში შემსრულებლების პრობლემას რაც შეეხება, ეს ფრაზა „ასტონ ვილაში“ ძალიან იშვიათად ისმის.

რაშია ასტონ ვილას მთავარი პრობლემა?

ამდენი პლუსისა და პოზიტივის ფონზე, გუნდი პრემიერლიგაში მაღალ საფეხურებზეა, დიდ მატჩებს იგებს, ჩემპიონთა ლიგაზეც საუკეთესო 8 გუნდშია, თუმცა დაცვის ხაზში პრობლემები აშკარად შესამჩნევია.

ემერის გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 31 ტურში 46 გოლი გაიტანა და 46 გაუშვა. სატურნირო ცხრილში პირველ 12 გუნდს შორის ბურთების შეფარდების მხრივ დადებითი ბალანსი მხოლოდ „ასტონ ვილას“ არ აქვს.

ეს კი საოცარ ფორმაში მყოფი პსჟ-ს წინააღმდეგ, საკმაოდ საშიში მოცემულობაა... დემბელე, კვარაცხელია და სხვები ფორმის პიკს უახლოვდებიან.

ემერის ფეხბურთელები თავდაცვას 11 ფეხბურთელითაც ხშირად ცდილობენ, თუმცა მცდელობა ერთია და რამდენად აქვს ამ ყველაფერს შედეგი, ეგ სულ სხვა რამაა...

ეს ყველაფერი აფიშაა. რა მოხდება უშუალოდ „სცენაზე“ ამას 9 აპრილს ღამით 23:00-დან ვნახავთ.

P.S. „ლივერპულის“ გაგდების შემდეგ, პსჟ წყვილში აშკარა ფავორიტია. „ასტონ ვილა“ კი აუტსაიდერი. ემერის გუნდი იდეალურ მდგომარეობაშია, წნეხი მთლიანად პარიზელებზეა. ვნახოთ როგორ გაუმკლავდება გამოწვევას ხვიჩა და კომპანია.

გაზიარება: