იგორ ტუდორს არ მოსწონს - იუვენტუსი კოლო მუანის არ გამოისყიდის
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის გამოსყიდვას არ აპირებს და ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში პარი სენ ჟერმენში აუცილებლად დაბრუნდება.
ამის მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში მისი ცუდი თამაშია, თანაც ტიაგო მოტა გუნდის მწვრთნელი აღარ არის.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის ახალ მწვრთნელს იგორ ტუდორს კოლო მუანი არ მოსწონს და მის გეგმებში აღარ შედის.
ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინული კლუბი ახალი თავდამსხმელის შეძენაზე იზრუნებს.
ცნობილი ხდება, რომ იგორ ტუდორს ლილიდან ჯონათან დევიდის ყიდვა სურს, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს და არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიქცია.
გარკვეულწილად, კოლო მუანის პარი სენ ჟერმენში დაბრუნება ქართველი გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნოა, რადგან მათ შეტევაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რანდალის დაბრუნება კი ამ ყველაფერს მხოლოდ გაზრდის. ხვიჩას ერთით მეტი კონკურენტი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ კოლო მუანიმ იუვენტუსის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.