დემბელე, კვარა და მენდეში | სასაცილო რეკლამა პსჟ-ის ფეხბურთელების მონაწილეობით
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ასტონ ვილაა“. ორმატჩიანი დუელის პირველ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილმა კომპანიამ, Adidas-მა სახალისო რეკლამა გადაიღო, რომელშიც უსმან დემბელე, „კვარა“ და ნუნუ მენდეში მონაწილეობენ.
პარიზული ტრიო სამოგზაურო კომპანიას ესტუმრა, რომლის წარმომადგენლის როლსაც ფრანგი კომიკოსი, მალიკ ბენტალა ასრულებს. ბენტალა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ღიღინებს, შემდეგ კი ფეხბურთელებს მიმართავს: „ევროპაში გინდათ დასასვენებლად წასვლა? ბიჭებთან ერთად მოგზაურობას არაფერი სჯობს“.
„თუ მზიან ქვეყანას ეძებთ, პორტუგალიაში უნდა წახვიდეთ. ლისაბონზე რას იტყვით?“, - კითხულობს ფრანგი კომიკოსი, რა დროსაც პორტუგალიის ნაცვლად, რუკაზე თითს ნორვეგიას ადებს, რასაც დემბელე ამჩნევს და შეცდომას უსწორებს.
„ძალიან ზუსტი გახდი, ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს“, - ეუბნება სამოგზაურო კომპანიის ვითომ აგენტი დემბელეს და მის სიზუსტეზე აქცენტის გაკეთებით, ფრანგი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმასა და ეფექტურობას უსვამს ხაზს. ამის შემდეგ, საუბარში „სპორტინგის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნუნუ მენდეში ერთვება და ამბობს, რომ ლისაბონში ისედაც 7 წელიწადი გაატარა.
პორტუგალიის დედაქალაქის შემდეგ, აგენტი ფეხბურთელებს ალტერნატივას სთავაზობს და მიუნხენს ურჩევს, სადაც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალი უნდა გაიმართოს. „შესანიშნავი იდეაა“, - უწონებს წინადადებას კვარაცხელია, შემდეგ კი ბენტალა მის გვარს სწორად ვერ გამოთქვამს და ხვიჩა უხსნის „კვარაცხელია“ როგორ უნდა წარმოთქვას.
მიუნხენზე შეთანხმების შემდეგ, სამოგზაურო კომპანიის წარმომადგენელი ერთ პრობლემას წააწყდა. „ერთი პატარა რაღაც... ბირმინგემში გვიწევს გადახვევა“. „გამოთქმა ხომ იცი... არც ერთი ღირებული მოგზაურობა არაა მარტივი“, - ამბობს დემბელე და ბირმინგემის ბილეთებს იღებს, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
when the trip made it out of the group chat ✨
— adidas Football (@adidasfootball) April 7, 2025
quand le voyage est passé de la discussion à la réalité ✨@ChampionsLeague @adidasFR pic.twitter.com/JXl8D7dLTR