მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ტრავმის გამო, პირველი ჩხუბი არ უნდა მიმეღო“ | ომალის სჯერა, რომ მერაბს მოუგებს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი არიელ ჰელვანის გადაცემის, The Ariel Helwani Show-ს სტუმარი იყო. „შუგამ“ მერაბ დვალიშვილზე და მასთან გასამართ საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ილაპარაკა.

„პირველი ჩხუბი და მისი მოსამზადებელი კემპი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ სწორედ ამის გამო, რემატჩში გამარჯვება უფრო ტკბილი და სასიამოვნო იქნება. ვიცი, რომ გამოკვეთილი აუტსაიდერი ვიქნები და ხალხი არ ელოდება, რომ იხილავს იმას, რაც შემიძლია.

3 წელიწადზე მეტი ვითმენდი, რათა დამემტკიცებინა, რომ მარლონ ვერასთან გამართული პირველი ჩხუბი სხვანაირად უნდა წარმართულიყო (ომალი ჩიტოსთან დამარცხდა, შემდეგ კი რევანში აუღო და ქამარი დაიცვა). მერაბის შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები ლოდინი მომიწია და აღფრთოვანებული ვარ, რომ ოქტაგონზე გასვლისა და რაღაც მსგავსის გაკეთების საშუალება მომეცა.

მერაბ დვალიშვილი შონ ომალის წინააღმდეგ

დვალიშვილთან ჩხუბამდე 10 კვირით ადრე, მენჯი დავიზიანე. 2 კვირის შემდეგ, UFC-იმ დამირეკა და სფეროში გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენა შემომთავაზა. ახლანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ეს ჩხუბი არ უნდა მიმეღო, მაგრამ არაუშავს, ეს ყველაფერი რემატჩში გამარჯვებას უფრო სასიამოვნოს გახდის. მომწონს, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვარ და ჩემი გამარჯვების არავის სჯერა. ვიცი, რომ დვალიშვილის დამარცხება შემიძლია. ასე რომ არ იყოს, მეორე ჩხუბს არ დავთანხმდებოდი.

შესაძლოა, გადამეტებად მოგეჩვენოთ, მაგრამ არაფერს ვაბუქებ. დღეს, გრეპლინგში უფრო მეტი ვივარჯიშე, ვიდრე მერაბთან გამართული პირველი ჩხუბის მთელი მოსამზადებელი კემპის განმავლობაში. ვიცი, რომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა. წინა ორთაბრძოლისთვის როცა ვემზადებოდი, ტრავმის გამო, გრეპლინგში ვერ ვვარჯიშობდი.

მერაბ დვალიშვილი შონ ომალის წინააღმდეგ

ვიცი, რომ ბევრად უკეთ შემიძლია ჭიდაობა, ვიდრე პირველ ორთაბრძოლაში ვაჩვენე. ეს სამარცხვინო იყო. მერაბი რთული მეტოქე და კარგი მებრძოლია. ამ მომენტისთვის, ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ითვლება, მაგრამ ოქტაგონზე როცა გავალ და დავანოკაუტებ, მე ვინ გავხდები?! რა თქმა უნდა, ვხუმრობ. კარგი შანსი მომეცა, რომ ქამარი დავიბრუნო და მართლა მჯერა, რომ დვალიშვილის დამარცხება შემიძლია“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ომალის ორთაბრძოლა UFC 316-ის მთავარი მოვლენაა. ღონისძიება თბილისის დროით 8 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეგენდა კი არა ელ ჩორიზო უნდა დაერქმია“ | პიმბლეტი ილიას მეტსახელზე
„ლეგენდა კი არა ელ ჩორიზო უნდა დაერქმია“ | პიმბლეტი ილიას მეტსახელზე