19 წლის ფეხბურთელმა ლუკა დავლაძემ, რომელიც 15 წლიდან „ოსერის’’ აკადემიაშია, მიმდინარე სეზონში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგასა და საფრანგეთის 19-წლამდე ჩემპიონატში ითამაშა. მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. ლუკას, რომელიც მოედნის ხედვით, კარგი პასებით, გამძლეობითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულია, ამ სტატიით კარგად გაიცნობთ.
2006 წლის 3 თებერვალს ოსერში დაიბადა. დავლაძე დედის გვარია, მამის გვარი ზაქარეიშვილია. „ბრენტფორდის'' ფორვარდის, ბრაიან მბიუმოს მსგავსად ფეხბურთის თამაში 5-6 წლისამ „ავალონში’’ დაიწყო.
ოჯახს ფიქრი სამშობლოზე არასდროს შეუწყვეტია. მისი საყვარელი ფილმი „ფესვებია’’, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს და კარიერული მიზნებისთვის ბევრს შრომობს.
როცა ლუკას შესახებ სტატიას ვამზადებდი, „ოსერის’’ ყოფილ ფეხბურთელს, გიორგი ჯობავას მივწერე, ლუკაზე ვკითხე.
„ძალიან მებრძოლი და მონდომებული ბიჭია, მოედნის ხედვით გამოირჩევა! როგორც „ოსერის’’ მწვრთნელებმა მითხრეს, მშრომელი ბიჭია და შრომა დღეს ყველაზე მაგარი ნიჭია’’ - მომწერა ჯობავამ, რომელიც „ოსერის’’ აკადემიის აღზრდილია და აკადემიის მწვრთნელებს კარგად იცნობს.
მწვრთნელმა გიიომ სალონდღმა, ვინც ლუკა „ავალონიდან’’ „ოსერის’’ აკადემიაში წაიყვანა, CrystalSport-თან ინტერვიუში საინტერესო ფაქტი გაიხსენა: „ერთხელ მსაჯად დავნიშნე და ეს მას შემდეგ გავაკეთე, როცა მსაჯის მიმართ ცუდად მოიქცა. მიზანი იყო მესწავლებინა, როგორ მართოს ბრაზი წარუმატებლობის შემდეგ.
წარმატებას მოწყურებულია. მგრძნობიარეა, მისი ყველა საფეხბურთო მომენტი ახსოვს. უკუკავშირზე საკმაოდ ყურადღებიანია, მაშინაც კი როცა გამეორება რამდენჯერმე გიწევს’’.
ლუკა დავლაძე: „ავალონში’’ 10 წელი გავატარე, იქ ახლაც მივდივარ ხოლმე, ყოფილ მწვრთნელს ვნახულობ, არ ვივიწყებ სად გავიზარდე.
15 წლის ვიყავი, როცა „ოსერის’’ აკადემიაში გადავედი. ჩემი საფეხბურთო კარიერის გამო მშობლები ოსერში ჩემთან ერთად გადმოვიდნენ, ძმა ავალონში დარჩა.
ბავშვობაში მამა გვეჩხუბებოდა ხოლმე, ქართულად ისაუბრეთო. ეს დაგვეხმარა და ენა შევინარჩუნეთ.
საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს ვიყავი, დედა რუსთავიდანაა, მამა ავჭალიდან. ჩემს სოფელშიც ვიყავი, გურიაში, საჭამიასერიდან ვარ. საქართველო ძალიან მომეწონა. ქართულად საუბარი ცოტა მიჭირს, ფრანგული აქცენტი მაქვს, მაგრამ საქართველო ჩემი ქვეყანაა. ნაღდი ქართველი ვარ, გულით და სულით’’.
ლუკას უფროსი ძმა ზურაბ ზაქარეიშვილი: „ქართულ მუსიკას ხშირად უსმენს, ქართულ ფილმებს ხშირად უყურებს''.
ლუკა: „ყველაზე მეტად ფილმი „ფესვები’’ მომწონს''.
ზურაბი: „ფრანგული პასპორტის აღების შემდეგ ქართული ავტომატურად დაკარგა. ახლა კარგად რომ წავიდა საქმე და ისეთ დონეზეა, რომ ნაკრებში თამაშის პოტენციალი აქვს, სამინისტროში დავრეკეთ, 2-3 თვე დასჭირდება და ქართულ პასპორტს აიღებს. დედ-მამა ქართველია, ძმა ქართველია და პრობლემა არ იქნება''.
ლუკა: „საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან არასდროს დაურეკავთ. ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია. ზარს ველოდები საქართველოდან''.
ზურაბი: „ჩვენც გვიკვირს, რატომ არავინ დაინტერესდა, მაგრამ ალბათ არ იცნობენ''.
გიიომ სალონდღი CrystalSport-თან ინტერვიუში ლუკას იმ თვისებებს გამოყოფს, რამაც მისი ყურადღება მიიქცია და რატომაც „ოსერში’’ მისი წაყვანა გადაწყვიტა.
გიიომ სალონდღი: „მოედანზე ბევრს მოძრაობდა, ტექნიკურად საკმარისად კარგი იყო, ფიზიკური მონაცემები ნორმაზე მაღალი ჰქონდა. ასევე, ძლიერი ხასიათი. მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ფეხბურთელი იყო’’.
სალონდღი ლუკას მწვრთნელი სამი წელი იყო. ამ პერიოდში ლუკას მენტალურად მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა:
„ჩემთან მუშაობისას მენტალური ასპექტი განავითარა: ემოციებისა და გაღიზიანების მართვა, რთულ მომენტებთან გამკლავება, მისი თავდაჯერება და თვითშეფასება გაიზარდა.
სპორტულ პროექტში სრულად ჩართულია. შეუძლია წარმატებისთვის ყველაფერი გაიღოს. შეუპოვარი და მიზანდასახული მოთამაშეა, რომელიც სკოლაში კარგად სწავლობდა’’.
ცნობილი გამოთქმა „თავდაუზოგავი შრომა შედეგს ყოველთვის დებს'' (hard work always pays off) ლუკას საქმისადმი დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს. მაქსიმალურად იხარჯება იმისთვის, რომ წარმატებული ფეხბურთელი გახდეს.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია, 100 პროცენტით ფეხბურთზე კონცენტრირდა. „ოსერში’’ ხშირად ორჯერადი ვარჯიშებია, აკადემიასთან ახლოს ცხოვრობს და მთელ დროს პროფესიულ განვითარებას უთმობს.
ლუკა: „სულ ვვარჯიშობ, მაშინაც კი როცა დასვენება მაქვს. ახალი წლის პერიოდი იყო, ფეხი მტკიოდა და მაინც სხვა მწვრთნელთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ჩემმა მწვრთნელმა გაიგო და ამის გამო მეჩხუბა, უნდა დაისვენოო''.
ზურაბი: „დისციპლინაში ამაზე დიდი პრობლემა არ აქვს. ლუკას თავის თავზე საუბარი არ უყვარს. ერთ ფაქტს გეტყვით ამ სეზონიდან, აკადემიაში ყველაზე მეტს დარბის. როცა „ლიონს’’ გასვლაზე მოუგეს (0:4), ლუკამ ძალიან ბევრი ირბინა. მეორე თუ მესამე დღეს მთავარი მწვრთნელი სპენდერი ამბობს: ხომ იცით ასეთ რამეს არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ლუკას უნდა მივულოცო, 13 კილომეტრი ირბინაო.
მოტივაცია აქვს, ნიჭი აქვს და ყველაფერი თავის დროზე მოვა. შრომაა საჭირო’’.
ლუკა: „ჟერემი სპენდერი („ოსერის’’ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი) შესანიშნავი სპეციალისტია, მოთამაშეებს ბევრს გვასწავლის. ძალიან კარგად გვიხსნის რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. რაც მასთან ვარ, უფრო ჭკვიანურად ვთამაშობ. ყველაზე მაგარი ექვს და რვა ნომერზე ვარ, ამ სეზონში უფრო მეტად 8 ნომერზე მაყენებენ. მემარჯვენე ვარ, მაგრამ ორივე ფეხით კარგად ვთამაშობ. მწვრთნელი მეუბნება, რომ ტექნიკაზე მაქვს სამუშაო იმისთვის, რომ პროფესიულ დონეს მაქსიმალურად მივუახლოვდე. სისწრაფეშიც უნდა მოვუმატო.
ბავშვობაში ინიესტა და ბუსკეტსი მომწონდა. ქართველებიდან კვარა ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემი პოზიციის ფეხბურთელებიდან ქოჩორაშვილს გამოვარჩევ''.
როცა 2023-24 წლების სეზონის შემდეგ „ოსერში’’ სათამაშო დრო არ ჰქონდა, „დიჟონში’’ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა შემდეგ „ოსერმა’’ დარჩენა შესთავაზა. ამ სეზონში „ოსერის’’ 19-წლამდე გუნდში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგასა და საფრანგეთის 19-წლამდე ჩემპიონატში ითამაშა, გამოცდილება დააგროვა. უახლოეს თვეებში გამოჩნდება, სად დაიწყებს შემდეგ სეზონს და როგორ განვითარდება მისი კარიერა, თებერვალში 19 წლის გახდა და მის კარიერაში ახალი ეტაპის დროა.
ლუკა დავლაძის თამაშის გამორჩეული მომენტები