ჩელსი, არიენ რობენი, მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი
Aa Aa

ტრავმები, იძულებით წასვლა, ფინალები - რობენის კარიერის გამორჩეული მომენტები

21-ე საუკუნეში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი არიენ რობენი იყო, რომელმაც ნამდვილად დატოვა კვალი საფეხბურთო ისტორიაში..

რამდენიმე წარუმატებლობა, რომ არა შესაძლოა მას 2010 წელს ოქროს ბურთიც კი მოეგო, თუმცა მისი კარიერის აღმასვლის პერიოდი იმ დროს დაემთხვა, როცა რონალდუ და მესი კარიერის პიკში შედიოდნენ..

მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელს მაინც საინტერესო კარიერა ჰქონდა. დღეს ჩვენ გთავაზობთ მისი ცხოვრების და კარიერის შესახებ სხვადასხვა ამონარიდებს.

სისწრაფე და მძლეოსნობა

„სკოლის პერიოდში მძლეოსნობა მომწონდა და საკმაოდ დიდი სისწრაფე ამ სპორტმა ჩამომიყალიბა. მიუხედავად ამისა, არასდროს მიფიქრია, რომ მძლეოსნობას მთელი ცხოვრება გავყვებოდი.

ჩემი სისწრაფე ნამდვილად ამან განავითარა, რადგან უცნაური იცით რა არის? დედაჩემი და მამაჩემი სწრაფები არ არიან. მეტიც, დედაჩემი მამაზე სწრაფია.“

სკოლა და დებიუტი გრონინგენში

მახსოვს, კლასში ყოფნისას დედაჩემმა ორჯერ თუ სამჯერ დამირეკა. შესვენებაზე გადავურეკე და მითხრა, რომ აუცილებლად დამერეკა გრონინგენის მენეჯერისთვის. შაბათ-კვირას გუნდში უნდა ვყოფილიყავი. ცოტა დავიბენი, ამას არ ველოდი. პირველ გუნდთან ერთად არასდროს მივარჯიშია.. თამაშზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.. იცით რა მოხდა? ერთი ვარჯიშის შემდეგ, განაცხადში შემიყვანეს და სათადარიგოთა სკამზე დამსვეს. ჩემი მეგობრები ბედნიერები იყვნენ. მათთვის საკმაოდ უცნაური იყო ტელევიზორში ჩემი დანახვა და შემდეგ ჩემს შესახებ წაკითხული სტატიები..

ტრავმები კარიერის საწყის ეტაპზე

ბავშვობაში ან ახალგაზრდულ გუნდში ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს მქონია. ტრავმები ჩელსიში დაიწყო, როცა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ფეხი მოვიტეხე. ძალიან უიღბლო აღმოვჩნდი, მაგრამ პრობლემები არც შემდეგ დასრულდა. კუნთოვანი დაზიანებები მქონდა, ამიტომ ჩემი სხეულის უკეთ გაცნობა მომიწია..

ვცდილობდი გამერკვია, როგორ მომევლო ჩემი სხეულისთვის, რომ გამუდმებით ტრავმირებული არ ვყოფილიყავი. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმებს არასდროს იღებენ და ზოგი პირიქით, მიდრეკილება აქვთ.. სამწუხაროდ მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნებოდი..

„ბეტმენი“ და რობენი

მე და მატეა კეჟმანი პსვ-ში დიდებულად ვუგებდით ერთმანეთს და ეს მეტსახელი ამიტომ შეგვარქვეს. პსვ-ში იმ დროს დიდებული გუნდი გვყავდა. საქმე ძალიან მარტივად იყო. კეჟმანი პასებით მაქსიმალურად უნდა მომემარაგებინა. მარჯვენა ფლანგზე ასევე დენის რომედალი თამაშობდა, რომელიც ძალიან სწრაფი იყო. ამიტომ მატეასს უამრავ შანსს ვუქმნიდით და მან ბევრი გოლი გაიტანა.

რატომ არ გამოგვივიდა იგივე ჩელსიში? სამწუხაროდ მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა. ამას ჩემი ტრავმებიც ემატებოდა და სამწუხაროდ ისეთი დუეტი აღარ ვიყავით, როგორიც პსვ-ში.“

მთავარი იარაღი

„ახალგაზრდულ წლებში მე მუდმივად მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი და ჩემი მთავარი მოვალეობა საჯარიმოში ზუსტი პასის გაკეთება იყო. შიგნით შესვლაზე არ ვფიქრობდი ხოლმე და არც მარჯვენა ფლანგზე თამაში განიხილებოდა.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მადრიდის რეალში გადავედი. იქ მარჯვენა ფლანგზე თამაში დამავალეს და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ჩემში საიდუმლო იარაღი. ეს ჩემი მარცხენა ფეხი არ არის. რეალურად ჩემი საშიში იარაღი მოულოდნელობის ეფექტია. დავიწყე კარში დარტყმა ისეთ მომენტებში, როდესაც ამას არავინ ელოდა. მოგვიანებით, ბაიერნში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დავხვეწე და შედეგიც დიდებული მივიღე.“

კრუიფის შეფასება

„ერთხელ იოჰან კრუიფმა ჩემზე თქვა, რომ მე უდიდესი ტალანტი და შესანიშნავი მარცხენა ფეხი მაქვს, მაგრამ მარჯვენა ფეხი შოკოლადისას ჰგავს. სიმართლე გითხრათ, ამაზე მასთან არასდროს მისაუბრია, თუმცა ის ერთადერთი არ არის, ვინც ასე ამბობდა ან ფიქრობდა. რეალურად, მარჯვენა ფეხით ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი. თანამედროვე მწვრთნელებს სურთ, რომ ფეხბურთელებმა ორივე ფეხით თანაბრად ითამაშონ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს კარგი მიდგომაა.

ზოგიერთ მოთამაშეს იმდენად კარგი ფეხი აქვს, რომ ზედმეტად არ უნდა დატვირთო და მისი პოტენციალის განვითარებაზე იფიქრო. ჩემთვის თავის დროზე, რომ დაეძალებინათ, მარჯვენა ფეხის განვითარებაზე იმუშავეო, ასეთ შედეგამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდი.“

მანჩესტერ იუნაიტედი და ფერგიუსონი

„2004 წელს ძალიან ახლოს ვიყავი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან. ფერგიუოსანმა დამირეკა და ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა. ფეხბურთზე და ცხოვრებაზე ვისაუბრეთ. მანჩესტერში ჩავფრინდი და ყველაფერი დავათვალიერე, მათ შორის სავარჯიშო მოედანი, მაგრამ პსვ-ში დაბრუნების შემდეგ, არაფერი მომხდარა. აღარავინ დამირეკა და გარიგებაც არ შედგა.

ძალიან მალე ჩელსიდან დამირეკეს და მათი პირობები მომეწონა. ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ ერთი შეხვედრა დაგვჭირდა. ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდა. ვფიქრობ, როცა მანჩესტერში ჩავედი, იქ თამაში მინდოდა და ოფიციალური შეთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი, მაგრამ არ ვნანობ, რომ ჩელსიში გადავედი.“

ჟოზე მოურინიოს ფაქტორი

„ჟოზე.. ჟოზეზე შემიძლია მთელი დღე ვისაუბრო. ის ნამდვილად მომთხოვნი და ინტენსიური იყო. ვფიქრობ, მასთან მუშაობა ჩემი განვითარებისთვის იდეალური იყო. მე ვიყავი სტუდენტი და ადამიანი, ვისაც გაუმჯობესება სურდა. ჩემი და მოურინიოს პიროვნება ერთმანეთს იდეალურად შეეწყო. მისი ხელმძღვანელობით შესანიშნავად ვთამაშობდი. ის დიდებული მენეჯერი იყო. ჟოზემ თავდაჯერებულობა მომცა და მასზე მხოლოდ დადებითი მოგონებები მაქვს.“

მოტეხილობა

„წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ფეხის მოტეხილობა ნამდვილად რთული იყო. ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ჩვეულ ფორმაში დავბრუნებულიყავი. ასეთი ტრავმის მიუხედავად, დიდებულად დავბრუნდი და ჩელსიში ბრწყინვალედ ვთამაშობდი. პირველ სამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე და გოლებიც გავიტანე.

თავს სწრაფად და ძლიერად ვგრძნობდი. ეს ყველაფერი კი ინგლისში სათამაშოდ აუცილებელია. ვთვლი, რომ პრემიერ ლიგაში ჩემმა დრომ კარგად ჩაიარა და კარგი შედეგიც დავაფიქსირე.“

მოურინიოს რეაქცია ტრავმებზე

„ჟოზესგან არასდროს არანაირი კრიტიკა არ მიმიღია. რა თქმა უნდა, მწვრთნელისთვის რთულია, თუ ფეხბურთელი ხშირად არის ტრავმირებული, რადგან ასეთ დროს მას ვერ დაეყრდნობი, მაგრამ დამიჯერეთ.. გთხოვთ დამიჯერეთ.. ეს ყველაფერი ფეხბურთელისთვის გაცილებით უარესია. გინდა ითამაშო და ისიამოვნო, მაგრამ ვერაფერს ახერხებ.

მოურინიო გამარჯვებული მენტალიტეტის მწვრთნელი იყო და მას ძლიერი მოთამაშეები სჭირდებოდა. მიუხედავად ტრავმებისა, მისგან კოლოსალურ ნდობას ვგრძნობდი და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა.“

რატომ რეალი..?

„ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ რეალურად სხვა გზა არ მქონდა. მოურინიო პირველ 2 სეზონში გარემარბებით თამაშობდა, ხოლო მესამე წელს 2 ცენტრალურ თავდამსხმელზე გადავიდა. ცხადია, შემეძლო ამ პოზიციაზე თამაშიც, მაგრამ პირველი არჩევანი დიდიე დროგბა და ანდრეი შევჩენკო იყვნენ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ, როცა რეალი გთავაზობს გადასვლას, უარის თქმა თითქმის შეუძლებელია. ჩავთვალე, რომ ჩემი კარიერისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა..“

რეალის გულშემატკივრები

„ალბათ მსოფლიოში რეალს ყველაზე მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს. მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემს პირველ სეზონში, ლა ლიგა მოვიგეთ და ბარსელონა 4:1 დავამარცხეთ. ის ღამე დღემდე კარგად მახსოვს.

შემდეგ წელს, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩავატარე. სწორედ მაშინ დავიწყე აქტიურად მარჯვენა ფლანგზე თამაში და საჯარიმოსკენ შესვლები. უამრავი გოლი გამქონდა. როცა ასე თამაშობ და ტიტულებს იგებ, გულშემატკივრები ყოველთვის კმაყოფილები არიან.“

იძულებითი წასვლა

უცნაური მომენტი და დრო იყო. პრე-სეზონზე საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ რეალმა კრიშტიანუ რონალდუ, ჩაბი ალონსო, ბენზემა და კაკა შეიძინა. მათში კი უამრავი ფული დახარჯა. მანუელ პელეგრინის ჩემი გაშვება არ სურდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი ფლორენტინო პერესმა ითამაშა. მან ნიდერლანდელები გაგვყიდა, რომ გარკვეული თანხა მიეღო. ვფიქრობ, ბაიერნში გადასვლა ჩემი კარიერის ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო..“

„რობერი“

„მე და ფრენკ რიბერის ერთნაირი საფეხბურთო აზროვნება გვქონდა და ვფიქრობ, სწორედ ეს დაგვეხმარა ისტორიული დუეტის შექმნაში. ერთმანეთთან წარმოუდგენელი კავშირი დავამყარეთ. ორივეს მოგვწონდა ფეხბურთელების მოტყუება და გოლების გატანა. ერთმანეთს ძალიან ვგავდით და გასაკვირი არ არის, რომ ამხელა წარმატებას მივაღწიეთ.“

ჩელსისთან გაფუჭებული პენალტი

„ამის გახსენებაზეც კი ცუდად მხდის. საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და უნდა გამეტანა. რეაბილიტაცია გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ბაიერნში მე ჩემი სიტყვა უნდა მეთქვა. შემდეგ წელს, უემბლიზე დავამტკიცე, რაც შემეძლო. ბაიერნი დიდი გუნდია!

გოლი ჩ.ლიგის ფინალში

„ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი დღე იყო.. ზუსტად მახსოვს რას ვფიქრობდი მაშინ და გონებაში რას ვეუბნებოდი ჩემს თავს:

„დრო აღარ რჩება. ტაბლოს ავხედე და 89-ე წუთი ახლოვდებოდა.. საჯარიმოსკენ, მარჯვენა ფლანგისკენ გაიქეცი, მარცხენა ფეხი კარგად აკონტროლე და დაარტყი..“

ეს იყო ის, რისკენაც უამრავი წელი მივდიოდი. მთელ გუნდს შურისძიება გვსურდა და გამოგვივიდა. ალბათ ჩემი ემოცია ყველას გახსოვთ. ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ იმ მომენტში გიჟი ვიყავი..“


წარუმატებლობა ნაკრებში

„სამწუხაროდ ნიდერლანდების ნაკრებში ვერაფერი მოვიგე, მაგრამ წარმატებას მაინც მივაღწიეთ. პატარა ქვეყანა ვართ და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დავიკავეთ, 2014-ში კი მესამე. ეს არც ისე ცუდია, მაგრამ, რა თქმა უნდა, თასის მოგებას ვერ შეედრება.

ჩვენ მხოლოდ 16 მილიონი ადამიანი გვყავს. ასე რომ, ვფიქრობ, მეორე და მესამე ადგილზე გასვლა საკმაოდ კარგია. იმას მაინც ჯობს, რასაც წინა წლებში ვაკეთებდით..“

კასილასის მოგერიება

„ის მომენტი და ის იმედგაცრუება მთელი ცხოვრება გამყვება. მე მუნდიალის მოგების შანსი მქონდა, თუმცა სამწუხაროდ იკერ კასილასს პირისპირ ვერ გავუტანე. მატჩის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ მის მოტყუებაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ, როცა მომენტი ვნახე მივხვდი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიტანე.

იკერი ფიქრობდა, რომ მოტყუებას ვაპირებდი და ხელებით ბურთისკენ წამოვიდა. არ ელოდა, რომ დავარტყამდი. მას გაუმართლა.. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ისევ ისე დავარტყამდი, ოღონდ 3 სანტიმეტრით მაღლა..“


შუშის კაცი

„ნიდერლანდურმა მედიამ შუშის კაცი შემარქვა და ამან გული ძალიან მატკინა. როცა ახალგაზრდა ხარ, უფრო მეტად სენსიტიურად ხვდები ასეთ საკითხებს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგებამ ამ მხრივაც მატკინა გული. მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ ყველაფერი შემიძლია.

ჩემთვის შუშის კაცის ისე ჟღერს, თითქოს სუსტი ვარ. ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჩემს სუსტად ყოფნასთან, უბრალოდ იმ დროს მგრძნობიარე სხეული მქონდა. ვფიქრობ, მაინც დავამტკიცე, რომ კარგი ფეხბურთელი ვიყავი.“

ვან გაალი

„ლუის ვან გაალი დიდებული მწვრთნელია. მასთან მუშაობა ხანდახან ძალიან ინტენსიური იყო, მაგრამ ყოველთვის მკაფიოა და ფეხბურთელებს გაუმჯობესებაში ეხმარება. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სხვათა შორის, ვან გაალმა ძალიან დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ ბაიერნში თამაში გადავწყვიტე. საბედნიეროდ, მასთან ერთად მუშაობის საშუალება ეროვნულ ნაკრებშიც მომეცა. თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი.“

გუარდიოლას და მოურინიოს შედარება

„გამიმართლა, რომ კარიერაში ორი ასეთი დიდებული სპეციალისტი მწვრთნიდა. ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს. ფეხბურთელმა ყველასგან უნდა ისწავლოს ის, რაც სჭირდება. ჟოზესთან გაცილებით ახალგაზრდა ვიყავი, პეპთან კი ბევრად უფროსი. ორივე შესანიშნავი სპეციალისტია და კარიერის განმავლობაში ორივესგან ბევრი ვისწავლე.“

მწვრთნელობა მომავალში?

„ახლა ამაზე დაზუსტებულ პასუხს ვერ გაგცემთ. მე ახალგაზრდებთან მუშაობა მომწონს და მათ განვითარებაში ვეხმარები. მე ასევე ხანდახან ჩემი შვილის ახალგაზრდულ გუნდს ვეხმარები. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვთამაშობ, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ვარ, მაგრამ არ ვიცი მომავალში ვიქნები, თუ არა მწვრთნელი.“

კარიერის აღწერა ერთი სიტყვით

„ვიტყოდი, რომ „დიდებული“ - კარიერაში არაერთი დიდებული მომენტი მქონდა. მოვიგე და წავაგე ტიტულები. იყო ბევრი რთული და ბედნიერი მომენტები. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი კარგი მომენტი ყოფილიყო, თანაც იმის ფონზე, რომ ამის შესაძლებლობა მქონდა..“

არიენ რობენმა საფეხბურთო კარიერა 2021 წელს მშობლიურ გრონინგენში დაასრულა. ზუსტად 1 წლის შემდეგ, 37 წლის ასაკში ნიდერლანდელმა სუპერვარსკვლავმა როტერდამის მარათონში მიიღო მონაწილეობა, სადაც სამ საათსა და 13 წუთში 42 კილომეტრი დაფარა და კიდევ ერთხელ გააოცა საკუთარი გულშემატკივრები..

გაზიარება: