დანაკლისი ლიონში | ერნესტ ნუამამ სერიოზული ტრავმა მიიღო
„ლიონის“ ფეხბურთელმა, ერნესტ ნუამამ სერიოზული ტრავმა მიიღო. „ლილთან“ შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია და როგორც გაირკვა, მისი დაზიანება უმძიმესი აღმოჩნდა.
„ლიონი ერნესტ ნუამას სერიოზულ ტრავმას გლოვობს. კვირას, ლილთან გამართულ შეხვედრაში, მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. კლუბი ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ის საუკეთესო კონდიციებში დაბრუნდეს“, - წერს ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ნუამამ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. 21 წლის ფეხბურთელმა 21-ჯერ ლიგა 1-ის ეგიდით ითამაშა, ევროპა ლიგაზე 9 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო საფრანგეთის თასზე - 1. ფრანგული პრესის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მას მოედანზე ახალ სეზონში ვიხილავთ.
ცნობისთვის, „ლიონი“ ორ ფრონტზე იბრძვის. მიქაუტაძის გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრება და ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევაა. „ლიონი“ 48 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება, ევროპა ლიგაზე კი მისი მომდევნო მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედია“.