„აჩვენა, რომ ლივერპულისთვის მზადაა“ | მერსისაიდული გამოცემა მამარდას თამაშს გამოეხმაურა
ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სენსაცია შემოგვთავაზა და „რეალი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. „მამარდამ“ „ღამურების“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, პენალტი მოიგერია, 8 სეივი ჰქონდა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშს ცნობილი მერსისაიდული პორტალი, Anfield Watch-ი გამოეხმაურა და საკუთარ ვებგვერდზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. „£29-მილიონიანმა ვარსკვლავმა დაამტკიცა, რომ ლივერპულში გადასასვლელად მზადაა“, - ასეთია სტატიის სათაური და აი, რას წერს მისი ავტორი:
„ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 29 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიფორმა და ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა იმის თაობაზე, მზადაა თუ არა მამარდაშვილი ენფილდზე გადასასვლელად. ეჭვგარეშეა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გოლკიპერია, მაგრამ მერსისაიდელებს, ალისონის სახით, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჰყავთ და ბრაზილიელთან ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ იქნება.
ალისონისთვის კონკურენციის გაწევა ბევრს არ შეუძლია, მაგრამ არის შანსი, მამარდაშვილი ამ დაბრკოლების გადასალახად მზად აღმოჩნდეს და საერთოდ, ბრაზილიელი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს. რეალთან მატჩში, ქართველმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ამის შესაძლებლობა აქვს და საკუთარი გუნდის შთამბეჭდავ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მამარდაშვილმა ვინისიუს ჟუნიორის პენალტი მოიგერია და მას 50-ევროიანი სანაძლეოც მოუგო. ეს ფაქტი კარგად ასახავს გიორგის კლასს და გვარწმუნებს, რომ მას მსოფლიოს საუკეთესო შემტევების შეჩერება შეუძლია. ამასთან, ეს ეპიზოდი მის ხასიათზეც მეტყველებს. ფაქტია, რომ მამარდაშვილს არაფრის ეშინია და თუ ის ვინისიუსთან ასეთ ფსიქოლოგიურ თამაშში ერთვება, მაშინ ლივერპულში გადასასვლელადაც მზადაა.
ბევრი ვარაუდობდა, რომ წითლები მას გაანათხოვრებდნენ, მაგრამ მამარდას ქმედებები დასტურია იმისა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. გიორგი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მოდის! მიზანს მიაღწევს თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ აშკარაა, რომ ცდას ნამდვილად არ დააკლებს“, - წერს მერსისაიდული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა პირადი რეკორდიც დაამყარა. xG-ის მიხედვით, „რეალს“ 3.28 გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ გიორგიმ მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა, რაც ნიშნავს, რომ „ვალენსია“ 2.28 გოლისგან იხსნა. აქამდე, ერთ მატჩში, მისი საუკეთესო შედეგი 2.14 გოლი იყო.