მხარდაჭერა თანაგუნდელებს | ბეტმენმა ნეიმარმა სტადიონი მატჩის დაწყებამდე დატოვა
ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე ტურში, „სანტოსი“ საკუთარ კედლებში „ბაჰიას“ დაუპირისპირდა. „შავ-თეთრების“ ერთ-ერთ ლიდერს, ნეიმარს ტრავმა აწუხებს და კლუბს ვერ ეხმარება, თუმცა, თანაგუნდელებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა მაინც გადაწყვიტა.
ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, ბეტმენის ფორმაში გამოწყობილი ნეიმარი, შეხვედრის დაწყებამდე, „სანტოსის“ გასახდელში შევიდა და თანაგუნდელები გაამხნევა. „ნეიმ“ მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო, მაგრამ სასტარტო სასტვენს არ დალოდებია და მატჩის დაწყებამდე, სტადიონის ტერიტორია დატოვა.
ნეიმარს მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, „ნეის“ გამოჯანმრთელების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და 33 წლის შემტევი გუნდს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. მომხდარის გამო, იგი სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და წერენ, რომ მატჩზე არ დასწრება, უპატივცემულობა გახლდათ.
ცნობისთვის, „სანტოსისა“ და „ბაჰიას“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ, ნეიმარის გუნდს 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილს იკავებს. მისი მომდევნო მეტოქე „ფლუმინენსეა“, რომელსაც 14 აპრილს დაუპირისპირდება.