საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს და მოგვიანებით, ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს.
მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ, სორელი მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, 1997 წელს კი, საქართველოში მოიწვიეს. საწყის ეტაპზე, ის 7-კაცა გუნდის თავკაცი იყო, ხოლო 1999 წელს, ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა.
„1997 წელს, ის ჩავიდა საქართველოში, რომელიც სამოქალაქო ომიდან ახალი გამოსული ქვეყანა იყო. სორელის მისია ეროვნული ნაკრების რეკონსტრუქცია და ბორჯღალოსნების კონკურენტუნარიან გუნდად ქცევა იყო.
სორელის ინიციატივით, დაახლოებით 80 ქართველი მორაგბე წავიდა საფრანგეთის სხვადასხვა ჩემპიონატში, რათა გუნდის დონე ამაღლებულიყო. ტალანტისა და წარმატებული მუშაობის გამო, 2001 წელს, რაგბის საერთაშორისო საბჭომ, ის წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს ნომინანტებს შორის დაასახელა“, - წერს ფრანგული გამოცემა, Midilibre.
ცნობისთვის, სორელი საქართველოს ნაკრებში 2003 წლამდე მუშაობდა და მოგვიანებით, შვიდკაცას ნაკრების განვითარებაზე მუშაობდა.