მესის გოლი და რეკორდი | ინტერ მაიამიმ ტორონტოს ვერ მოუგო
ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ ქულები დაკარგა. MLS-ის მორიგ ტურში, არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი საკუთარ კედლებში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ტორონტოს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრის 39-ე წუთზე, „ინტერ მაიამიმ“ ანგარიში გახსნა და თავი მესიმ გამოიჩინა, თუმცა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, „ლა პულგას“ გოლი გაუქმდა. პირველი ტაიმის დამატებულ მეორე წუთზე, ფედერიკო ბერნარდესკიმ „ტორონტო“ დააწინაურა, 3 წუთში კი, ლიონელმა გაიტანა და საწყისი ნახევარი 1:1 მორჩა, მეორე ტაიმში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.
„ტორონტოსთან“ გატანილი გოლით მესიმ „ინტერ მაიამის“ რეკორდი დაამყარა. „ლა პულგამ“ გონსალო იგუაინს გადაასწრო და „ინტერ მაიამის“ მაისურით, ყველაზე მეტ საგოლე მოქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული (44). მესის იგუაინის რეკორდის გასაუმჯობესებლად 38-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა.
ამრიგად, „ინტერ მაიამის“ 6 შეხვედრა აქვს გამართული და 14 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ფლორიდელთა მომდევნო მეტოქე „ჩიკაგო ფაიერია“, რომელსაც მესი და კომპანია 13 აპრილს დაუპირისპირდებიან.