„ილიამ და ისლამმა უნდა იჩხუბონ, მაგრამ ქამრისთვის ბრძოლას ეს ბიჭი მიიღებს“ - კორმიეს პროგნოზი
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, დანიელ კორმიემ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ლეგენდა“ ქამრისთვის ბრძოლას იმსახურებს, მაგრამ ამავდროულად ფიქრობს, რომ საჩემპიონო ჩხუბი შესაძლოა, ჯასტინ გეიჯიმ მიიღოს.
რას ამბობს კორმიე:
„რეალურად, ტიტულისთვის ბრძოლაში ილიას გარდა კიდევ ბევრი პრეტენდენტი არსებობს. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მახაჩევისა და ილიას ბრძოლას აზრი აქვს, იმიტომ რომ ისლამს ახლა აშკარად არ ჰყავს ნომერ პირველი კონკურენტი. ეს შეიძლებოდა არმან ცარუკიანი ყოფილიყო, მაგრამ ის ბრძოლას ჩაეხსნა, ილია კი ამ წონაში ახალი სახეა და ბრწყინვალე ფიდბექი აქვს. მაგრამ თუ ის არ იქნება მომდევნო მეტოქე, ეს შეიძლება ნებისმიერი სხვა იყოს, მაგალითად, ჩარლზ ოლივეირა“.
„მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ ისლამის მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. მე რომ მახაჩევი ვიყო, სწორედ ამ ბრძოლას მოვითხოვდი. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ნაცნობი მეტოქეა... ყველა ფსონს დავდებ, რომ მომდევნო მეტოქე გეიჯი იქნება“.
რამდენიმე დღის წინ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის სამომავლო გეგმების შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. დაღესტნელ მებრძოლთან ჩხუბი ილია თოფურიას სურს და „ლეგენდამ“ განაცხადა კიდეც, რომ UFC-ი მას, ქვემსუბუქი წონის ქამრის დათმობის სანაცვლოდ, სატიტულო ორთაბრძოლას დაჰპირდა.
ABC-ის ინფორმაციით, მახაჩევი აპირებს, ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას საჩემპიონო ორთაბრძოლას დაელოდოს. ეს ჩხუბი თბილისის დროით, 11 მაისს გაიმართება და ისლამი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
ABC-ის ცნობით, საეჭვოა, მახაჩევმა UFC 317-ზე იასპარეზოს და „ლეგენდის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა, მუჰამედისა და მადალენას დაპირისპირებამდე ცნობილი არ გახდება. ესპანური გამოცემა ამ ინფორმაციას UFC-ისთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, მახაჩევის წარმომადგენლები თვლიან, რომ ილიამ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს. მან მსუბუქ წონით დივიზიონში მინიმუმ ერთი ძლიერი მეტოქე უნდა დაამარცხოს და ქამრის დასაკუთრების ამბიციები ამის შემდეგ გაუჩნდეს.