„სოლიდური და უშეცდომო იყო“ - იტალიური მედია გოგლიჩიძეზე
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „კალიარის“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
ქართველი მცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. 20 წლის მცველი მთელი თამაშის განმავლობაში უშეცდომო იყო და შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიური მედიისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
რას წერენ იტალიაში გოგლიჩიძეზე:
Sport.Virgilio – 6 ქულა: სოლიდური იყო და ერთი-ერთზე სიტუაციებში კარგად გამოიყურებოდა. მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარა.
Calciomercato – 6 ქულა: დაცვითი სამეულიდან ყველაზე მეტს შრომობდა და საერთო ჯამში დამაკმაყოფილებელი იყო.
Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: ფურცელზე, ლუვუმბოსთან რთული დუელი უნდა ჰქონოდა, მაგრამ კალიარის მცველს გასაქანი არ მისცა. ცენტრბექის პოზიცია მოირგო და არავის მისცა უფლება, რომ დუელებში დაეჯაბნათ.
საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში ემპოლის მაისურით 29-ე შეხვედრა ჩაატარა. საგულისხმოა, რომ ამ დროის განმავლობაში ქართველმა მცველმა მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მის ანგარიშზე 1 წითელი ბარათიცაა.
31 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 24 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე დაქვეითდა და ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა. ქართველი მცველის გუნდს სამშვიდობო ზონას, ანუ მე-17 ადგილს, სადაც „ლეჩე“ იმყოფება, 2 ქულა აშორებს. მომდევნო ტურში „ემპოლი“ სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. მატჩი 14 აპრილს, თბილისის დროიტ 22:45 საათზე გაიმართება.