ლევანტემ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს მოუგო - ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, სანტანდერის „რასინგს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქოჩორაშვილმა თავის გუნდს ნახევარდაცვაში ულიდერა და კვლავ დამაჯერებელი თამაში შემოგვთავაზა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ორი გოლის ეპიზოდში მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა, რასაც „ლევანტეს“ გოლები მოჰყვა.
ანგარიში მასპინძელმა მე16-ე წუთზე მორალესის გოლით გახსნეს. 46-ე წუთზე მორალესმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კასტრომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, რასაც ზუსტად 2 წუთში ლევანტეს მესამე გოლი მოჰყვა და საბოლოოდ, მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს.
დღევანდელ მატჩში გიორგი ქოჩორაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 58 შეხება, 43-დან 38 ზუსტი პასი (88%), 7-დან 4-ჯერ ზუსტად შესრულებული შორეული გადაცემა. კარისკენ 2 დარტყმა, რომელიც ორივეჯერ დაიბლოკა. 4-დან 1 მოგებული პოზიციური დუელი, 2-დან 2 მოგებული საჰაერო დუელი, 2 ჯარიმა. 1 განმუხტვა. ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Sofascore-ის მიერ ქართველი ფეხბურთელის თამაში 6.7 ქულით შეფასდა.
34 ტურის შემდეგ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 62 ქულით დროებით პირველ ადგილზე აღზევდა, მეორეადგილოსან „ელჩეს“ კი 34-ე ტურში თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს, „რასინგი“ კი 59 ქულით მესამე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში „ლევანტე“ სტუმრად „კორდობას“ დაუპირისპირდება. მატჩი 11 აპრილს გაიმართება.