ზურიკომ პენალტი მოიპოვა და აქტიური იყო, მაგრამ სენტ-ეტიენი ლანსთან მაინც დამარცხდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
ქართველმა შემტევმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 68-ე წუთი გაატარა. შეხვედრის დებიუტში დავითაშვილს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მიზნამდე ცოტა დააკლდა, პირველი ტაიმის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რითაც „სენტ-ეტიენის“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მოპოვებული პენალტი კარდონამ არაზუსტად შეასრულა და სტუმრებმა გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. ამის გარდა, ზურიკო მოედანდე ყოფნის პერიოდში აქტიურობდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც ჰქონდა.
ზურიკოს მომენტები ლანსთან:
ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე კოიალიპუმ გაიტანა, რითაც „ლანსმა“ 3 ქულა მოიპოვა.
დღევანდელ შეხვედრაში, ზურიკო დავითაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: საშუალოდ, 0.38 საგოლე ეპიზოდი. კარის მიმართულებით ორჯერ დარტყმა, რომელიც ერთი დაიბლოკა, ერთიც კი არაზუსტი იყო. 2 დრიბლინგის მცდელობა, 1 მოპოვებული პენალტი, 1 რეალური შანსის ვერგამოყენება, ბურთთან 27 შეხება, 11-დან 9 ზუსტი პასი (82%), 1 ჯარიმა, 1 განმუხტვა, 1 ართმევა. ცნობილი სტატისტიკური პორტალის Sofascore-ის ვერსიით, მისი თამაში 6.7 ქულით შეფასდა.
ამ მარცხით, „სენტ-ეტიენმა“ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. 28 ტურის შემდეგ, ზურიკოს გუნდს 23 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე იმყოფება. „სენტ-ეტიენს“ პლეი-აუტის ზონამდე 1 ქულა, სამშვიდობო ზონამდე კი 3 ქულა აშორებს. მომდევნო ტურში ზურიკო დავითაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 აპრილს გაიმართება.