საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

უშეცდომო და დამაჯერებელი | გოგლიჩიძის კარგი მატჩი კალიარისთან

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „ემპოლიმ’’ შინ „კარლო კასტელანიზე’’ „კალიარისთან’’ 0:0 ითამაშა.

„ემპოლის’’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. 20 წლის ცენტრალური მცველი დამაჯერებელი იყო, ფაქტობრივად შეცდომა არ დაუშვია.

ამ მატჩიდან გთავაზობთ საბას რამდენიმე გამორჩეულ მომენტს

 

საბამ მიმდინარე სეზონის სერია A-ში 27-ე მატჩი ჩაატარა, 27-დან 24-ში სასტარტო 11-ეულში ითამაშა, ერთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო.

31 ტურის შემდეგ 20-გუნდიან ჩემპიონატში „ემპოლი'' 24 ქულით მე-18 ადგილზეა და „ლეჩეს'' 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 14 აპრილს, „ემპოლი’’ მეორეადგილოსან „ნაპოლის’’ მიიღებს.

„კალიარის’’ მთავარი მწვრთნელი დავიდე ნიკოლაა, რომელიც გასულ სეზონში „ემპოლის’’ მთავარი მწვრთნელი იყო. როცა საბა „ემპოლიში’’ გადავიდა, მთავარ მწვრთნელად დავიდე ნიკოლა დახვდა, რომელიც იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირებაში დაეხმარა. ზაფხულში ნიკოლა „კალიარიში’’ წავიდა და თან ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო წაიყვანა, რომელიც, დავიდე ნიკოლას მსგავსად, საბას ძალიან დაეხმარა. გოგლიჩიძის დებიუტი იტალიის უმაღლეს ლიგაში ამ სეზონში შედგა, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი გამოცდისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდა.

ამ სეზონის დაწყებამდე, CrystalSport-თან ინტერვიუში, საბამ დავიდე ნიკოლასა და სებასტიანო ლუპერტოზე ისაუბრა:

„რაც არასდროს მინახავს... დავიდე ნიკოლა გამიყვანდა მარტო, დეტალურად მიხსნიდა, ერთი-ორზე თამაში, როცა კედელს რომ გითამაშებენ. ხელს როგორ იყენებ სწორად, რომ ჯარიმა არ იყოს, სწორად როგორ ჩადიხარ ხაზში. ხაზი სულ უნდა აკონტროლო. თუ ხაზზე ერთი მეტრი დაარღვიე, გამორიცხულია რომ არ დაგსაჯონ. თუ 1 წამით კონცენტრაცია გათიშე, შანსი არაა, დასჯილი ხარ.

ტრავმას რომ მივიღებდი, ცალკე ვძუნძულებდი, გუნდს მეორე მხარეს ვარჯიში ჰქონდა, ნიკოლა მოვიდოდა და მეკითხებოდა, როგორ ვიყავი, როდის დავიწყებდი ვარჯიშს. თუ ფეხი მეტკინებოდა, მასაჟის ოთახში შემოვიდოდა, დამხედავდა, რა ხდება გოგლიჩიძეზეო, როგორ არის საქმეო. სულ ყურადღებას ვგრძნობდი.

„ემპოლიში’’ ძალიან კარგი მცველები დამხვდნენ, პიროვნულად იცი როგორ მეხმარებოდნენ.... კაპიტანი ლუპერტუ... მახსოვს, პირველად შევედი გასახდელში, ჩემს გვერდით ლუპერტუ ზის, აი ეს არის ბუცი და იტალიურად ამბობს, აი ეს არის გამაში, ეს არის შორტი, ამბობს იტალიურ სიტყვებს და ბოლოს მეუბნება: „დღეს დაიმახსოვრე, ხვალ ჩამაბარე’’.

კაპიტანი ლუპერტო როგორი პიროვნებაა იცი? მახსოვს ერთხელ ვარჯიშს მოვრჩი, გასახდელში ტელეფონი ავიღე, ერთი საათი ტელეფონში „ვიყავი’’, შემდეგ სპორტდარბაზში ვივარჯიშე, მასაჟი გავიკეთე, ყინულებში ჩავედი, დავიბანე, უკვე 6 საათი იყო და ვფიქრობ, ყველა წასულია, თუმცა გავიხედე და ლუპერტუს ტანსაცმელი და ბოტასები ისევ იქ იყო. ვარჯიში დილას 11 საათზე გვქონდა და ის კიდევ ბაზაზე იყო. მოკლედ, ლუპერტუს ვერც მისვლას მიასწრებ და ყოველთვის ყველაზე გვიან გადის. სხვაგვარად გამორიცხულია. (ლუპერტუ სეზონის შემდეგ დავიდე ნიკოლასთან ერთად „კალიარიში’’ წავიდა)''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა საფრანგეთის ჩემპიონია | ხვიჩას საგოლე პასი და ზეიმი პარკ დე პრენსზე
კვარა საფრანგეთის ჩემპიონია | ხვიჩას საგოლე პასი და ზეიმი პარკ დე პრენსზე