“შეიძლება მილანს შენ სჭირდები“ - მენიო ჟურნალისტმა გააღიზიანა
სერია ა-ს მორიგ ტურში მილანმა ფიორენტინას უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების წინაშე მაიკ მენიო წარსდგა, რომელიც გაღიზიანებული ჩანდა.
მენიო:
„ახლა ჩემს კონტრაქტზე საუბარი არ მსურს, მილანმა გაცილებით მეტი დაიმსახურა. გოლების გაშვება მაბრაზებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდის დამოკიდებულება გაშვებული გოლების შემდეგ, სწორი იყო. ვფიქრობ, რომ ახლა კლუბს ადვილი პერიოდი არ აქვს, მაგრამ მჯერა, რომ ეს მომავლისთვის გამოცდილება იქნება.
როგორც ხედავთ, ეს არის გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება, შედეგის მიუხედავად. ჩვენ დაცვაში სიმყარესა და შეტევის ეფექტურობას შორის სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ.“
ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფრანგ მეკარეს საკმაოდ გამომწვევად ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა მილანს იმისთვის, რომ ასეთ დამანგრეველ სეზონში უკეთესად დაეწყო თამაში, რაზეც მენიომ გაღიზიანებულმა უპასუხა:
„ჩვენ გვჭირდება ვინმე შენნაირი. შესაძლოა შენ იცი, თუ როგორ გამოვასწოროთ თამაში და გავაძლიეროთ გუნდი.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მილანი ცუდ ფორმაშია. როსონერი ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა, ხოლო სერია ა-ში 31 ტურის შემდეგ, 48 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 8 ქულით ჩამორჩება.