მსუყე შეთავაზება კატარიდან - მოდრიჩი რეალის პასუხს ელოდება
ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, კატარის ერთ-ერთ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს.
ხორვატ ნახევარმცველს სამეფო კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში უმთავრდება. როგორც ცნობილია, რეალს მისი შენარჩუნება კიდევ 1 სეზონით სურს, მაგრამ ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.
თავად ვეტერანი ნახევარმცველი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და რეალის პასუხს ელოდება. ასევე ცნობილია, რომ მოდრიჩს 2026 წლის მუნდიალზე სურს თამაში, რაც მისი კარიერის კულმინაცია იქნება, ამისთვის კი საკმარისი სათამაშო დრო და კარგ ფორმაში ყოფნაა საჭირო.
სცენარი ძალიან ჰგავს იმას, რაც გასულ სეზონში მოხდა. ახალ კონტრაქტზე ცნობები არ ვრცელდებოდა და მოულოდნელად ლუკამ ხელშეკრულება გაახანგრძლივა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასაკის მიუხედავად მოდრიჩი პროდუქტიულია და მინდორზე 90 წუთსაც თავისუფლად ატარებს.
MARCA-ს ინფორმაციით, კატარელები ხორვატს კოლოსალურ ანაზღაურებას და მუდმივ სათამაშო დროს ჰპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 39 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ლუკა 40 წლის ხდება.