„ყველა მატჩში ხასიათის ჩვენებაა საჭირო“ - მამარდაშვილი
მადრიდის „რეალთან“ მატჩის შემდეგ (2:1) „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საკლუბო ტელევიზიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგებული მატჩი შეაფასა.
გიორგი მამარდაშვილი:
„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მოვუგეთ ძალიან ძლიერ გუნდს - „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2008 წლის შემდეგ პირველად მოვიგეთ.
დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ - როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ახალგაზრდა, მაგრამ ძლიერი გუნდი ვართ. ეს ლა ლიგაა და ყველა მატჩში ხასიათის ჩვენებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიგებ.
რთული დღეები გვქონდა, მაგრამ ყველამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა აჩვენოს - როგორც ეს დღეს მოხდა. ბედნიერი ვარ და ასე უნდა გავაგრძელოთ“.