კონტეს ბრწყინვალე გოლი | დილას გამარჯვება და შეყილაძის მე-4 გოლი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში გორის „დილამ’’ შინ „გარეჯს’’ 2:1 მოუგო.
ანგარიში 22-ე წუთზე აბუბაქარ კონტემ გახსნა, მეტოქის სამ ფეხბურთელს შორის შესანიშნავად იმოქმედა და ლუკა კუტალაძეს დაბალ კუთხეში გაუტანა.
56-ე წუთზე „დილას’’ ფორვარდმა შოთა შეყილაძემ მეტოქის ერთ მცველს გვერდი აუარა და ახლო მანძილიდან შეაგდო. 25 წლის ფორვარდი კარგ ფორმაში შევიდა, სეზონის საწყის სამ შეხვედრაში გოლი ვერ შეაგდო, თუმცა ბოლო ორ მატჩში მის აქტივში 4 გოლია და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. შეგახსენებთ, „თელავთან’’ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მატჩის საბოლოო ანგარიში მე-5 დამატებულ წუთზე თორნიკე ძებნიაურმა დააფიქსირა, საგოლე პასი ლევან პაპავას აქტივშია.
5 ტურის შემდეგ „იბერია'' და ბათუმის „დინამო'' 11-11 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ. გორის „დილა'' 10 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება „გარეჯს'', ხუთ თამაშში 4 ქულა დააგროვა „გაგრასა'' და „კოლხეთის'' მსგავსად, ბოლოადგილოსან „ტორპედოს'' 1 ქულით უსწრებენ.