გიორგი აბუაშვილი, ლუკა ხარატიშვილი, გიორგი გვასალია
Aa
Aa

ბლესას გამარჯვების გოლი, გვასალიას გმირობა | თბილისის დინამოს პირველი მარცხი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებულ მატჩში ბათუმის „დინამომ’’ შინ თბილისის „დინამოს’’ ჯალენ ბლესას გოლით 1:0 მოუგო.

24 წლის ესპანელმა შემტევმა გოლი 24-ე წუთზე შეაგდო, საგოლე პასი ლუკა წულუკიძის აქტივშია.გოლამდე აღსანიშნავია ლუკა ხარატიშვილის შესანიშნავი მოქმედება, როცა კუთხურისას ბრაზილიელ მცველს, ლეო ასუნსეუს აუღო.

მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოსულმა 17 წლის მცველმა გიორგი გვასალიამ თბილისის „დინამო’’ აშკარა გოლისგან იხსნა, როცა ჯალენ ბლესას არ გაატანინა.

ბათუმის „დინამო’’ 63-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა, ცვლილებაზე გამოსულმა ჩაჟიამ ტრავმა მიიღო და გუნდს 5 ცვლილება უკვე ამოწურული ჰქონდა. 19 წლის მოჰამედ ფოფანამ 2-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, 82-ე წუთზე გააძევეს და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მატჩი 9 ფეხბურთელით დაასრულა.

მატჩის მიწურულს ლუკა ხარატიშვილმა ჯაბა კანკავას დარტყმა მოიგერია. ლუკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში.

 

ბათუმის „დინამომ'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 5-დან 3 მატჩი მოიგო, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, არ დამარცხებულა. თბილისის „დინამო'' პირველად დამარცხდა და 8 ქულით მე-5 ადგილზეა. 5 ტურის შემდეგ „იბერია'' და ბათუმის „დინამო'' 11-11 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ. გორის „დილა'' 10 ქულით მესამე ადგილზეა.

პირველი ტურის კიდევ ერთ გადადებულ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალი'' ფოთის „კოლხეთთან'' 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე დავით ფაღავას საგოლე პასის შემდეგ გიორგი აბუაშვილმა გაიტანა.

ამ სეზონში ფოთის „კოლხეთმა'' პირველად გაიმარჯვა, ხუთ ტურში კახა ჩხეტიანის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა, მხოლოდ ბოლოადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს'' უსწრებს, რომელიც ჩემპიონატში ფინანსურად ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 4 დათმო. „კოლხეთის'' მსგავსად „გარეჯისა'' და „გაგრას'' აქტივშიც 4-4 ქულაა. 

„სამგურალი'' და „თელავი'' 7-7 ქულით მე-5 ადგილს იყოფენ. მათ თბილისის „დინამო'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ფოტო: ბათუმის „დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა მსოფლიოს ტოპ 10 მეკარეშია | Transfermarkt-ის მონაცემები
მამარდა მსოფლიოს ტოპ 10 მეკარეშია | Transfermarkt-ის მონაცემები