“ნება მომეცით მესის დავეხმარო“ - იასინ ჩუეკოს მოედანზე აღარ უშვებენ
ცნობილია, რომ ლიონელ მესის ნებისმიერ დროს, თამაშებზეც კი პირადი მცველი იასინ ჩეუკო იცავს. ის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ინტერ მაიამიში გადასვლის შემდეგ, დევიდ ბექჰემის რეკომენდაციით აიყვანა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ იასინს CONCACAF-ის ეგიდით გასამართ მატჩებში მოედანზე შესვლის უფლება აღარ ექნება. MLS-მა მას ბანი დაადო, თუმცა მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამის შესახებ ინფორმაცია, თავად იასინმა გაავრცელა, რომელიც გამოცემა MARCA-ს ესაუბრა.
იასინი:
„ისინი აღარ მაძლევენ მოედანზე ყოფნის საშუალებას. 7 წელი ევროპაში ვიყავი, ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ვმუშაობდი და ამ პერიოდის განმავლობაში მინდორზე მხოლოდ 6 ადამიანი შეიჭრა. ჩამოვედი შეერთებულ შტატებში და მუშაობის 20 თვის განმავლობაში მოედანზე უკვე 16 ადამიანი შემოიჭრა. აქ დიდი პრობლემაა. მე არ ვარ პრობლემა! ნება მომეცით მესის დავეხმარო!
მე მიყვარს MLS და CONCACAF, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. მიყვარს დახმარება, არავისზე უკეთესი არ ვარ, მაგრამ კოლოსალური გამოცდილება დამიგროვდა. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფრის უკეთესად გაკეთება შეგვიძლია.“
შეგახსენებთ, რომ პარიზში დაბადებული დაცვის თანამშრომელი ძალიან დიდი სისწრაფით მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ინტერ მაიამის მატჩების დროს, გულშემატკივრები მესისთან ფოტოს გადასაღებად სტადიონზე შევარდნენ.
იასინი თავისი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე, აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარს ასწრებს მესიმდე მირბენას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ იასინ ჩუეკო მრავალი წლის განმავლობაში საზღვაო ფლოტის ჯარისკაცი იყო.