სიტი ჰოლანდის გარეშე დარჩა | ნორვეგიელი 5-7 კვირას გამოტოვებს
„მანჩესტერ სიტის“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ერლინგ ჰოლანდი გამოაკლდა. ინგლისის თასზე, „ბორნმუთთან“ გამართულ შეხვედრაში, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა კოჭი დაიზიანა და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება.
„არის წლები, როდესაც მსგავსი რაღაცები ხდება. მსგავსი რამ მთელი სეზონის განმავლობაში ხდებოდა და ეს რომ არა, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად განვითარებულიყო. ძალიან ვწუხვარ ფეხბურთელებისა და ერლინგის გამო, რომლებსაც ტრავმები ჰქონიათ და მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
როდის დაბრუნდება ჰოლანდი? ექიმებმა მითხრეს, რომ მის გამოჯანმრთელებას ხუთიდან შვიდ კვირამდე დასჭირდება. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ის მზად იქნება“, - განაცხადა „სიტის“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ.
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ჰოლანდს 28 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 21 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 თამაშსი თავი რვაჯერ გამოიჩინა.