„შევეცდებით, გავიმეოროთ ის, რაც წინა ჯერზე გავაკეთეთ“ - სიმეონე ბარსელონასთან მატჩზე
ესპანეთის თასზე „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა და მეტოქეზე, მატჩის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
დიეგო სიმეონე:
„ბარსელონასთან“ მატჩი ფინალი არაა, ეს არის ნახევარფინალი, რომელშიც ფინალში გასვლის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ წინაშე იქნება ოპონენტი, რომელიც წელს საუცხოოდ თამაშობს.
რობერტ ლევანდოვსკის გამორჩეული სეზონი აქვს, მისი სტატისტიკა საოცარია. პატივს ვცემ მის სტაბილურობას - ცენტრფორვარდებს მისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.
ბარსელონა მაღალ ტემპში უტევს, მათ ყოველთვის აქვთ საგოლე მომენტები, ისინი თამამად მიდიან წინ, ჩვენ კი უნდა შევეცადოთ, ჩვენს კართან მომენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ.
„ბარსელონასთან“ მატჩში განსხვავებული მონაკვეთები იქნება. ისინი პირველი ნომრით ითამაშებენ, ჩვენ კი შევეცდებით, გავიმეოროთ ის, რაც წინა ჯერზე გავაკეთეთ. ვფიქრობ, ორივე მხრიდან ოპტიმალური შემადგენლობა იქნება. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ კარს არა იან ობლაკი, არამედ ხუან მუსო დაიცავს.
ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ კარგი სეზონი გვაქვს: ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვითამაშეთ, კარგი პოზიციები გვაქვს ლა ლიგაში. ვცდილობთ, მატჩიდან მატჩამდე წავიწიოთ წინ“.
ცნობისთვის, ბარსელონაში გამართული პირველი მატჩი ფრედ, 4:4 დასრულდა, ხვალ კი „მეტროპოლიტანოზე“ საპასუხო შეხვედრა გაიმართება.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, პირველ მატჩში „რეალმა“ სან-სებასტიანში „სოსიედადს“ 1:0 სძლია, დღეს კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საპასუხო მატჩი გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ სამეფო თასის ფინალი 26 აპრილს სევილიაში „ლა კარტუხაზე“ გაიმართება.