ქინქლაძე: ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგში“ ტრანსფერს გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს წარმატებები უსურვა.
„მინდა მივულოცო გიორგი ქოჩორაშვილს დამსახურებული ტრანსფერი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდში. ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების. გულწრფელად მიხარია რომ ქართველი ფეხბურთელების ასპარეზი იზრდება და თითოეული მათგანი თავაწეული ტოვებს საფეხბურთო მინდვრებს. ქართული ფეხბურთი ვითარდება, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის“, - წერს ქინქლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „ლევანტემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ზაფხულში, ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდს შეუერთდება.
როგორც ირკვევა, ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებს გააფორმებს და მის კონტრაქტში, გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო ჩაიწერება.
„ლომებმა“ „ლევანტეს“ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადეს და ბონუსებით, შესაძლოა, თანხა კიდევ 2 მილიონით გაიზარდოს. ამასთან, თუ „სპორტინგმა“ სამომავლოდ ქოჩორაშვილის გაყიდვა გადაწყვიტა, „ლევანტე“ ტრანსფერიდან შემოსული თანხის 12.5 ან 10 პროცენტს მიიღებს.