ოფიციალურად: ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია
გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ვალენსიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ლევანტეს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას ცოტა ხნის წინ მიაღწიეს. ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ კლუბში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადავა, 2025 წლის 30 ივნისამდე კი კვლავ ლევანტეს შემადგენლობაში ითამაშებს.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეს მაისურით ყველა ტურნირზე 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მანამდე, ქართველი ნახევარმცველი კასტელონში თამაშობდა იჯარის წესით, სადაც გამოცდილების მოგროვების შემდეგ 2023 წლიდან უკვე ლევანტეს სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა აქტიურად. ამავე წელს, ქოჩორაშვილმა ვალენსიურ კლუბთან კონტრაქტი 2 სეზონით გაახანგრძლივა, რაც კიდევ ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა.
ტრანსფერის დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით, არ ვრცელდება, თუმცა, ესპანური მარკა გარკვეულ დეტალებზე მაინც წერს. გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიურ კლუბს ტრანსფერი 5.5 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 2 მილიონი ევროს ბონუსებიც დაემატება. ამავდროულად, თუ სპორტინგი სამომავლოდ ქართველ ნახევარმცველს გაყიდის, ლევანტე ტრანსფერიდან შემოსული თანხის 12.5%-ს მიიღებს.
რაც შეეხება სპორტინგს, ლისაბონური კლუბი წლებია რეგულარულად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და პარალელურად, პორტუგალიის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის. მიმდინარე სეზონში სპორტინგი 65 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ბენფიკას 3 ქულით უსწრებს. პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური არის დარჩენილი და ლისაბონელებს ჩემპიონობის საკმაოდ მაღალი შანსი აქვთ.