შოჰეი ონო
Aa
Aa

რომ არა მე, ლაშა კიდევ ორ ოქროს მოიგებდა - შოჰეი ონო შავდათუაშვილთან მეტოქეობაზე

გასულ კვირაში საქართველოში სტუმრად ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტი შოჰეი ონო იმყოფებოდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კარიერა ყველასთვის მოულოდნელად, 30 წლის ასაკში დაასრულა. ონო ამჟამად შოტლანდიაში ცხოვრობს, სადაც მწვრთნელის პროფესიას ეუფლება, თავისუფალ დროს კი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნებში ელიტურ მასტერკლასებს ატარებს. სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ, ონომ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შოჰეი ონო

ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის კარიერის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძლიერ ოპონენტებთან ბრძოლა. დაახლოებით ათი წლის მანძილზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ვიყავი და სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრ ძლიერ სპორტსმენთან მომიწია შეჯიბრება.

სიმართლე გითხრათ, უკანასკნელ პერიოდში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემთვის მოწინააღმდეგეები აღარ არსებობდნენ, რომლებთანაც დაპირისპირება მინდოდა. ამჟამად ვცხოვრობ შოტლანდიაში, ვსწავლობ ინგლისურს და ძიუდოს მწვრთნელობას. ვცდილობ რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო, რათა ადგილობრივ ძიუდოისტებთან ურთიერთობის საშუალება მქონდეს და თუ შესაძლებლობა მომეცემა, მათ სპორტის ამ სახეობაში გამოცდილება გავუზიარო.

იაპონელებისთვის ტოკიოს ოლიმპიადა ბოლო 100 წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე დიდი სპორტული მოვლენა იყო და ასე იქნება მომდევნო 100 წლის მანძილზეც. ლაშა შავდათუაშვილის გარდა სხვა კონკურენტებიც მყავდნენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ 2016 და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი გზები გადაიკვეთა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ტოკიოში საოცარი ფინალი გამოდგა, ბრძოლის მერე გადავეხვიე და ეს დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ნახევრარდხუმრობით ვიტყოდი, ალბათ  რომ არა მე, ლაშა რიო დე-ჟანეიროშიც და ტოკიოშიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა.

ვფიქრობ, რომ ქართული ძიუდოს ფესვები მათ ეროვნულ სპორტში, ჭიდაობაშია. უზომოდ დიდ პატივს ვცემ ქართველ სპორტსმენებს, რომელთაც შინაგანად აქვთ მხეცის მსგავსი მებრძოლი სული. მათი აგრესიული, ახლო დისტანციაზე ბრძოლის სტილი გამორჩეულია.

ძიუდოში შეძენილი მეგობრები ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თბილად დამხვდნენ. იმედი მაქვს, რომ ისინიც მესტუმრებიან. მინდა, რომ იაპონია და საქართველო სპორტის ამ სახეობით ყოველ წელს უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

ცნობისათვის, შოჰეი ონო ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონია. გარდა ამისა, მას სხვადასხვა წლებში სამჯერ დიუსელდორფის, თითოჯერ კი ტოკიოს და ოსაკას გრანდ სლემი აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საოცარი გზა გაიარა“ - JudoWorld ლუხუმ ჩხვიმიანის კარიერას დასრულებაზე
“საოცარი გზა გაიარა“ - JudoWorld ლუხუმ ჩხვიმიანის კარიერას დასრულებაზე