მუნდიალის მოგებას აპირებდა და გაუშვეს - დორივალ ჟუნიორის ისტორია
„ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ მოუგია და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, 2026-ში მუნდიალზე გამარჯვებას ვაპირებთ“ – ეს სიტყვები დორივალ ჟუნიორმა 2024 წლის 10 იანვარს, სელესაოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ თქვა, თუმცა მისი შედეგები იმდენად არასახარბიელო იყო, რომ 14-თვიანი მუშაობის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელებისთვის ბოლო წვეთი ბუენოს-აირესში, ყველაზე პრინციპულ მეტოქე არგენტინის ნაკრებთან (1:4) განცდილი მტკივნეული მარცხი გამოდგა და რადიკალური ზომების მიღება დასჭირდათ. როგორ მოხდა ამ თანამდებობაზე ჟუნიორის დანიშვნა? 2023 წლის ზაფხულში ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებას კარლო ანჩელოტის უწინასწარმეტყველებდნენ, რასაც არც თავად იტალიელი სპეციალისტი გამორიცხავდა, ხოლო საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი აცხადებდა, რომ ანჩელოტისთან კონტრაქტს კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გააფორმებდნენ.
თუმცა, ყველაფერი ბრაზილიელებისთვის ცუდად განვითარდა - კარლიტომ სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოაგებინა, მას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და სამხრეთ ამერიკაში გადაბარგება გადაიფიქრა. სხვათა შორის, მისი პენტაკამპეონებში მისვლაზე ახლაც არის საუბარი. Globo-ს ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დამთავრებისთანავე, ანჩელოტისთან მოლაპარაკებები განახლდება და თუ ის უარს კიდევ ერთხელ იტყვის, მაშინ ჟორჟე ჟეზუსის კანდიდატურაზე გადაერთვებიან.
რა უნდა ვიცოდეთ დორივალ ჟუნიორის შესახებ? მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ბრაზილიაში, კერძოდ კი „პალმეირასში“, „გრემიოში“, „კურიტიბასა“ და „ბოტაფოგოში“ ასპარეზობდა, მისი ყველაზე დიდი მიღწევა კი სანტა-კატარინას შტატის ჩემპიონობა იყო. მწვრთნელობას 2002 წლიდან შეუდგა და ყველაზე დიდ წარმატებას 2022 წელს მიაღწია, როდესაც „ფლამენგოს“ ლიბერტადორესის თასი მოაგებინა. სხვათა შორის „ფლა“ არის კლუბი, რომელთანაც ჟუნიორს თავის დროზე სიძულვილი აკავშირებდა, ახლა კი სიყვარული აკავშირებს. 2013 წელს „ფლამენგოში“ მუშაობისას მას ხელფასის შემცირება სთხოვეს, რათა კარლოს ედუარდოს საარენდო ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის დამატებითი სახსრები გამოჩენილიყო, რაზეც დორივალმა კატეგორიული უარი განაცხადა და ამის გამო პოსტიდან დაითხოვეს. თუმცა, მას შემდეგ ის „მენგოში“ ორჯერ დაბრუნდა და საკუთარი სიძლიერე დაამტკიცა.
სკანდალის გარეშე ჟუნიორისთვის არც „სანტოსში“ მუშაობის პერიოდს ჩაუვლია - 2010 წელს გამართული ერთ-ერთი მატჩის დროს, მან ნეიმარს სთხოვა, რომ პენალტის შესრულება თანაგუნდელისთვის დაეთმო, რადგან ის 11-მეტრიანებს ხშირად აფუჭებდა, რაზეც ნეისგან უარი მიიღო და ამის გამო მათ შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. საბოლოოდ კი, მომხდარი ფაქტის განხილვის შემდეგ, „თევზების“ ხელმძღვანელებმა ფეხბურთელის მხარე დაიჭირეს და ჟუნიორს კარისკენ მიუთითეს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დორივალ ჟუნიორის შეცვლის კანდიდატებად კარლო ანჩელოტი და ჟორჟე ჟეზუსი მოიაზრებიან. ბრაზილიის ეროვნულ გუნდს კი მომდევნო სანაკრებო ფანჯარა ზაფხულის პირველ თვეში ელის - პენტაკამპეონები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 4 ივნისს სტუმრად ეკვადორელებს დაუპირისპირდებიან, 9 ივნისს კი პარაგვაელებს უმასპინძლებენ.