გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებს ყველა გუნდთან მოგება შეუძლია - მერებაშვილი სომხებთან თამაშებზე

ვეტერანი ფეხბურთელების მოსაზრება საქართველოს ეროვნული გუნდის თამაშზე მუდამ საინტერესო მოსასმენია, რადგან მათ აქვთ როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის გამოცდილება და ბუნებრივია, თითოეული მათგანისთვის ამ ფორმაციის ნაკრების ასეთი უმაღლესი დონის თამაში სასიამოვნო საყურებელია. განსაკუთრებული რესპოდენტია გიორგი მერებაშვილი, რომელიც ყოველთვის ამომწურავად საუბრობს და არც ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას არ ერიდება. თბილისის „დინამოსა„ და საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა Crystalsport-თან ინტერვიუში სომხებთან ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობა დეტალურად შეაფასა.

გიორგი მერებაშვილი

საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრების ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მოწინააღმდეგესთან ძალიან შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ გამონაკლისი არც სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩატარებული თამაშები ყოფილა და განსაკუთრებით თბილისურ მატჩს გამოვარჩევდი.

გუნდმა როგორც ერთმა მთლიანმა ორგანიზმმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა და 180 წუთის განმავლობაში შეცდომები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. იცით რაშია წარმატების მთავარი საიდუმლო? თითოეული ფეხბურთელი ინდივიდუალიზმთან ერთად, გუნდური აზროვნებით გამოირჩევა და ამის ნათელი მაგალითი ჩემთვის ერევანში გიორგი მიქაუტაძის მიერ გატანილი გოლი იყო, რომელსაც პასი გიორგი ჩაკვეტაძემ მიაწოდა. ეს უკანასკნელი ისეთ პოზიციაზე იმყოფებოდა რომ თავადაც შეეძლო დარტყმა, მაგრამ გუნდურად მოიქცა და თანაგუნდელს პასი არ დაუგვიანა.

მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე რთული ჯგუფი შეგვხვდა და ყველა მეტოქე ძნელი დასამარცხებელი იქნება. ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან თამაშის წინაც აღვნიშნე, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეეძლო დადებითი შედეგის ჩვენება და ბიჭებმა გამარჯვებით ჩემი სიტყვების სისწორე დაადასტურეს. მჯერა, რომ ამჯერადაც ვიბრძოლებთ მუნდიალზე გასასვლელად, თუმცა ამისთვის საჭიროა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და ფორმაში გვყავდეს.

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას, პოლონეთის მეოთხე დივიზიონის ერთ-ერთ კლუბში ვთამაშობ და პლუს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე ვმუშაობ. იყო შემოთავაზებები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მეოთხე წელია აქ ვცხოვრობ, ოჯახის ფაქტორიდან გამომდინარე, სხვა ქვეყანაში წასვლისგან თავი შევიკავე.

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი მერებაშვილმა 32 მატჩიდან ძირითად შემადგენლობაში თამაში 12 შემთხვევაში დაიწყო, 20-ჯერ ცვლილებაზე შევიდა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოგლიჩიძე მალე გრანდში ითამაშებს“ - შაშიაშვილი საბას დებიუტზე
„გოგლიჩიძე მალე გრანდში ითამაშებს“ - შაშიაშვილი საბას დებიუტზე