„უნდა გვესმოდეს რამდენად ძლიერი მეტოქეები გვყავს“ | ჯიკიჩის კომენტარი ევრობასკეტზე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ევრობასკეტის წილისყრის შედეგები შეაფასა. ჯიკიჩის თქმით, საქართველოს ეროვნულ გუნდს რთული მეტოქეები ჰყავს და შესაბამისი მოლოდინების ჩამოყალიბებაა საჭირო.
„დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, სად ვითამაშებთ და ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები ჯგუფში. ახლა მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს. კარგად უნდა გვესმოდეს თუ როგორი ძლიერი მეტოქეები გვეყოლება და როგორი რთული გრაფიკი გვექნება კვიპროსზე და უნდა ვკონცენტრირდეთ ისეთ დეტალებზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა.
იმედი მაქვს, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება შეკრებისთვის და მაქსიმალური მოტივაციით, მობილიზებით, დისციპლინით, თავდადებითა და შრომისმოყვარეობით შევუდგებით საქმეს.”
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა არიან და უკვე ცნობილია, სატურნირო კალენდარი. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი პირველ შეხვედრას ერთ-ერთი ფავორიტის, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 28 აგვისტოს არის ჩანიშნული.
ესპანეთის შემდეგ, ჩვენი გუნდი იტალიას დაუპირისპირდება - 30 აგვისტო. ესპანეთისა და იტალიის შემდეგ, ჩვენს გუნდს კიდევ ერთი რთული შეხვედრა ელის, ამჯერად, საბერძნეთის ნაკრებთან - 31 აგვისტო. 2 სექტემბერს, საქართველო ტურნირის მასპინძელს, კვიპროსს დაუპირისპირდება, 4-ში კი საუკეთესოს ვინაობას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაარკვევს.