„ესპანეთთან შეხვედრა არ მინდოდა“ | ქოჩორაშვილმა ევრო 2024-ზე ისაუბრა
„ლევანტეს“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ემანუელა გორნატის ინტერვიუ მისცა. „ქოჩომ“ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ ტურნირზე ასპარეზობა ახდენილი ოცნება იყო.
„ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახება ახდენილი ოცნება იყო, მაგრამ მთავარი ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გახლდათ. მომავალი ჩემპიონის წინააღმდეგ ვითამაშეთ და პორტუგალიის დამარცხებით, ჯგუფიდანაც გავედით.
ესპანეთთან თამაშს მოუთმენლად ველოდი, მაგრამ პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ, ვთქვი, იმედია ესპანეთს ავცდებით-მეთქი. სხვა ნებისმიერი მეტოქე მინდოდა, რადგან ბავშვობიდან ფეხბურთი ჩემთვის სწორედ ესპანეთთან იყო დაკავშირებული. ამასთან, საქართველოში ესპანური მეთოდოლოგია გვქონდა. 12-13 წლის როცა ვიყავი, ესპანელი მწვრთნელი მყავდა და ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომელ ქვეყანაში მინდოდა გადასვლა. სწორედ ამიტომ, ესპანეთი ჩემი მეორე სამშობლოა და ბევრი რაღაც მომცა.
რა თქმა უნდა, ესპანეთთან მარცხი მწარე მოგონებაა, მაგრამ ეს ფეხბურთია. 90 ან 120 წუთის განმავლობაში ერთმანეთის მტრები ვართ, მაგრამ მოედნის მიღმა, ესპანეთი ჩემი მეორე სამშობლოა“.
ცბობისთვის, ქოჩორაშვილი დიდი ალბათობით ესპანეთს ზაფხულში დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი „ლევანტეს“ ღირსებას იცავს, მაგრამ ბევრი მსურველი ჰყავს და სავარაუდოდ, ადგილსამყოფელს გამოიცვლის. ევრო 2024-ს რაც შეეხება, „ჯვაროსნები“ ესპანეთთან 1:4 დამარცხდნენ.