„განსხვავებას ქმნის და კრეატიულია“ | ინგლისური გამოცემა მიქაუტაძეზე
„ლიონის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს პრემიერ ლიგის კლუბები აკვირდებიან. Caughtoffside-ის ინფორმაციით, მიქაუტაძე „ვესტ ჰემის“ „კრისტალ პალასისა“ და „ვულვზის“ რადარებზე იმყოფება და „ჩაქუჩების“ ფან-გამოცემამ, Green Street Hammers-მა მას სტატია მიუძღვნა.
„როცა გიორგი მიქაუტაძე ლიონის ძირითად შემადგენლობაში ჩნდება, განსხვავებას პრაქტიკულად ყოველთვის ქმნის. მიქაუტაძე საშუალოდ 1.1 საკვანძო გადაცემასა და 1.1 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს და მეტოქეებს, 90 წუთში, საშუალოდ 1.5 ჯარიმას აღებინებს. მიმდინარე სეზონში, მას 90 წუთში საშუალოდ 0.7 გოლი გააქვს და 0.3 ასისტს აკეთებს, რაც ჯამში, 1 საგოლე მოქმედებაა. ეს სტატისტიკა პრემიერ ლიგაზე რომ გადმოვიტანოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიან სეზონში 27 გოლსა და 11 ასისტს გაიფორმებდა.
რა თქმა უნდა, ვესტ ჰემი არ უნდა ელოდოს, რომ მიქაუტაძე ასეთი პროდუქტიული იქნება, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ევრო 2024-ზე გარღვევა მოახდინა, საფრანგეთში სხვადასხვა დონეზე დაამტკიცა, რომ ხარისხიანი მოთამაშეა. მას გოლების გატანა შეუძლია, მეტოქეებზე მიდის და კრეატიულია.
გარკვეულწილად, მიქაუტაძე მოჰამედ კუდუს იაფიანი ვარიანტი იქნება, რომელიც მოწინააღმდეგეებს გოლის გატანის მეტ საფრთხეს შეუქმნის. ვესტ ჰემს სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება, რათა შემადგენლობა გააძლიეროს“, - წერს Green Street Hammers-ი.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfemarkt-ზე ქართველი თავდამსხმელის ფასი 20 მილიონი ევროა.