მეასე ტიტული ვერ მოიგო | ჯოკოვიჩის მარცხი 19 წლის მეტოქესთან
მაიამის მასტერსის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩი იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდა. სერბი ჩოგბურთელი მეასე ტიტულს უმიზნებდა, მაგრამ 19 წლის მეტოქესთან ორ სეტში დამარცხდა და მენშიკმა კარიერაში პირველ დიდ წარმატებას მიაღწია - 7:6(4), 7:6(4).
შეხვედრა ჩეხი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო და „ნოლეს“ პირველივე მოწოდებაზე, მენშიკმა ბრეიკი შეასრულა. 2:4-ზე, ჯოკოვიჩმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და საბოლოოდ, პირველ სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ნოვაკმა 4:7 წააგო. მეორე სეტში, ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებაზე უშეცდომონი იყვნენ და ისევ ტაიბრეიკი ვიხილეთ. მენშიკი ამჯერადაც უკეთესი იყო და 7:4 იმარჯვა.
„ნოვაკ, ყველამ იცის, რომ ჩემი აქ ყოფნის მიზეზი შენ ხარ. ბავშვობაში, შენს მატჩებს ვუყურებდი და ჩოგბურთის თამაში შენ გამო დავიწყე. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩოგბურთისთვის და ჩვენთვის გააკეთე. დაუჯერებელი ადამიანი და ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ“, - განაცხადა მენშიკმა მატჩის შემდეგ.
„ბევრი ლაპარაკი არ მინდა, რადგან იაკუბისა და მისი ოჯახის მომენტი დგას. მას ამ წარმატებას ვულოცავ. დაე, ეს პირველი იყოს ბევრიდან. უნდა ვაღიარო, რომ ჩემზე უკეთესი იყავი და გადამწყვეტ მომენტებში, ძალიან კარგად გამოიყურებოდი“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.