7 გაძევება | მინესოტასა და დეტროიტის კალათბურთელებმა იჩხუბეს
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, „მინესოტა ტიმბერვულვზი“ საკუთარ კედლებში „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდა. „მინესოტამ“ 123:104 იმარჯვა, მაგრამ მატჩი ჩხუბმა გადაფარა, რომელშიც როგორც კალათბურთელები, ისე გუნდების სამწვრთნელი შტაბის წევრები ჩაერთნენ.
მეორე მეოთხედში, „დეტროიტის“ კალათბურთელმა, რონ ჰოლანდმა ნაზ რიდზე ჯარიმა აიღო და ფოლისთანავე, მოთამაშეებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. რიდის თანაგუნდელი, დონტე დივინჩენცო იქვე იდგა და კალათბურთელებს შორის ჩადგა, მაგრამ რამდენიმე წამში, ჰოლანდს ხელი ჰკრა, შემდეგ კი წააქცია.
დივინჩენცოს ქმედებებს სერიოზული არეულობა მოჰყვა. რუდი გობერი, აიზეია სტიუარტი და სხვა კალათბურთელები ჩხუბში ჩაერთნენ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვითარების დამშვიდების შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრებმა შვიდი ადამიანი გააძევეს: ნაზ რიდი, დონტე დივინჩენცო, აიზეია სტიუარტი, რონ ჰოლანდი, მარკუს სასერი, ჯეი ბი ბიკერსტაფი (დეტროიტის მთავარი მწვრთნელი), პაბლო პრიჯიონი (მინესოტას მთავარი მწვრთნელის ასისტენტი).
„საკუთარ თავსა და თანაგუნდელებს ყოველთვის დავიცავთ. არავის მივცემ უფლებას ჩემს ბიჭებს შეურაცხყოფა მიაყენოს. აი, ასე მარტივადაა ყველაფერი. მესმის, მსაჯების პოზიცია და მათი გადაწყვეტილება, მაგრამ არ შეიძლება, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენო და გეგონოს, რომ მათ ამაზე რეაქცია არ ექნებათ“, - განაცხადა მატჩის შემდეგ „პისტონსის“ მთავარმა მწვრთნელმა.
ცნობისთვის, „მინესოტას“ 43 მოგება და 32 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე გახლავთ. „დეტროიტი“ 42 მოგებითა და 33 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებს.