სამედიცინო ჯოკერის სტატუსით - მატკავა ჩილაჩავასთან წავიდა
ლუკა მატკავა უახლოეს დღეებში საფრანგეთის სარაგბო კლუბ „კასტრს“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაემატება. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Lequipe-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეათე ნომერი ტრავმირებულ პიერ პოპელინის შეცვლის, რომელიც გასულ თვეში დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და თანაგუნდელებს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ დაეხმარება.
ფრანგული სპორტული მედია აღნიშნავს, რომ 23 წლის მატკავა TOP 14-ის კლუბების ინტერესის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იყო, თუმცა მისი საფრანგეთში გადაბარგება „კასტრის“ წამყვანი მორაგბის დაშავებამ დააჩქარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუკას ამ გუნდში თანამემამულის გარეშე ასპარეზობა არ მოუწევს და იქ ვეტერანი მორაგბე ლევან ჩილაჩავა დახვდება, რომელიც კასტრელების ღირსებას უკვე რამდენიმე წელია იცავს და კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურადაც მოიაზრება.
ცნობისათვის, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლუკა მატკავას საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში უკვე 29 მატჩი აქვს ჩატარებული, წლევანდელ ევროპის ჩელენჯ თასზე კი „შავი ლომის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ორი წარმომადგენლის, „ვანისა“ და „ბაიონის“ წინააღმდეგ ითამაშა.