„ნაპოლიმ კვარას მაგივრად ოკაფორის მოყვანით დიდი შეცდომა დაუშვა“ - კასანო
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის პოდკასტში „ნაპოლის“ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, მის შემცვლელად ოკაფორის მოყვანით „პარტენოპეიმ“ დიდი შეცდომა დაუშვა.
რას ამბობს კასანო:
„ნაპოლიმ კვარაცხელიას გაყიდვით 75 მილიონი ევრო აიღო და მის სანაცვლოდ, გუნდში ოკაფორი მოიყვანა. დარწმუნებული ვარ, თუ ალტერნატიულ ვარიანტად ატალანტას 40 მილიონსა და რასპადორის შესთავაზებდნენ, მაშინ ლუკმანის წამოყვანას შეძლებდნენ. ოკაფორს სეზონის პირველ ნახევარში „მილანში“ ბევრი სირთულე ჰქონდა და რთულ თამაშებში ვერ აჩენდა თავის თვისებებს. როდესაც ჩემპიონობისთვის იბრძვი და სისხლის სუნი გცემს, მაშინ ზაფხულს არ უნდა დაელოდო და შენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის ღირსეული შემცვლელი მაშინვე უნდა მოიყვანო. „ნაპოლიმ“ დიდი შეცდომა დაუშვა“.
29 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 61 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას დღეს, საკუთარ მოედანზე „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.