„ორლანდოს ადგილი პლეი ოფშია“ - ბითაძე საკრამენტოსთან გამარჯვებაზე
დღეს, თბილისის დროით გამთენიისას, „ორლანდომ“ საკუთარ დარბაზში „საკრამენტოსთან“ (121:91) უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. კალათბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის კი სასიხარულო ის გახლდათ, რომ არცთუ ისე დიდ სათამაშო დროში (17 წუთი) გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლის შესრულება მოასწრო და „მეჯიქის“ წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა. მატჩის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯამალ მოსლისთან ერთად, ჟურნალისტების შეკითხვებს სწორედ ქართველმა ცენტრმა უპასუხა.
გოგა ბითაძე
დღევანდელი გამარჯვება როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე გუნდის განწყობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში უმცირეს დეტალებსაც უდიდეს ყურადღებას ვაქცევდით და სათანადო შედეგიც მივიღეთ. კალათბურთი ისეთი თამაშია, სადაც შესაძლოა ერთმა სამქულიანმაც მატჩის განვითარება შეცვალოს.
ყველამ კარგად იცის, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა და თამაშებს ზედიზედ ვაგებდით. ვფიქრობ, სწორედ ასეთ მატჩებში გამარჯვება დაგვიბრუნებს იმ მუხტს, რაც სეზონის პირველ ნახევარში „მეჯიქს“ თან სდევდა და ამ მხრივ წინ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით.
არის თუ არა ჩემი პლუსი მოხსნები თავდასხმებში? ყველა შეხვედრაში ვცდილობ ამ მხრივ გუნდს დახმარება გავუწიო და ეს ხან გამომდის, ხან არა, რაც ბუნებრივია და ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ახლა პრესკონფერენციაზე ჩემს გვერდით ქალებ ჰოუსტანია, რომლის გაკრიტიკებასაც თუ ვინმე აპირებს, გეტყვით, რომ მისნაირი შრომისმოყვარე მოთამაშე ბევრი არ მინახავს. ის ჩემთვის მაგალითის მომცემია საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მეტი ვივარჯიშო და დარბაზში მეტი დრო გავატარო.
ჩვენი ამოცანა მარტივია - რეგულარულ ეტაპზე დარჩენილი შვიდივე მატჩი უნდა მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ყველა კარგად ხვდება და ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ ამ ფორმაციის „ორლანდო“ პლეი ოფში თამაშს იმსახურებს.
ცნობისათვის, 75 თამაშიდან 36 მოგებითა და 39 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „მილუოკის“ ოთხი მოგებით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს გოგა და მისი თანაგუნდელები ისევ საკუთარ დარბაზში „კლიპერსთან“ გამართავენ, რომელიც ხვალ, თბილისის დროით, ღამის 03:00 საათზე დაიწყება.