ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„ხვიჩამ გოლი თავისით შექმნა, ზურიკომ კი...“ - როგორ აფასებს ფრანგული მედია ქართველებს

გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში ქართული დერბი შედგა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 1:6 დამარცხდა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორივე მათგანმა საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ზურიკო დავითაშვილმა თავისი გუნდის ერთადერთ გოლში საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც „სენტ-ეტიენი“ დაწინაურდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მეორე ნახევრის დებიუტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბრწყინვალე გოლი გაიტანა და პარიზული გუნდი წინ გაიყვანა. დავითაშვილი მოედნიდან 63-ე წუთზე გავიდა, ხვიჩა კი ლუის ენრიკემ 64-ე წუთზე შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელების თამაში სხვადასხვაგვარად შეაფასეს.

ზურიკო დავითაშვილი:

L’equipe – 3 ქულა: სენტ-ეტიენის ბრწყინვალე კონტრშეტევის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე შექმნილ სივრცეში ბურთი მიიღო, რომელიც მაშინვე თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ ჩააგდო და შედეგად, ანგარიშიც გაიხსნა. 40-ე წუთზე მისი ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ შეიძლებოდა ანგარიშის ორამდე გაზრდა, მაგრამ სტასინმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარში ვერაფერი შემოგვთავაზა და საბოლოოდ, 63-ე წუთზე მოედანიც დატოვა.

Footmercato – 4 ქულა: ქართველი განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა. თამაშის დაწყებიდან მალევე, ბრწყინვალე პასით რეალური საგოლე გადაცემა შექმნა და სტასინის გოლის ეპიზოდში ასისტი მიითვალა. ამის შემდეგ, შეტევაში უფრო ფრთხილი გახდა და პარიზული გუნდის შეტევების ჩაშლაში ძალისხმევას არ იშურებდა. მეორე ტაიმში კი მეტოქის კარგი თამაშის ხარჯზე შეუმჩნეველი იყო.

Maxifoot – 4 ქულა: თავდაპირველად, მარცხენა ფლანგზე ქართველი გარემარბი ბრწყინვალე გადაცემით სტასინს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას აძლევს. შემდეგ კი აქტიურობა შეწყვიტა და მისი გამონათება აღარ გვინახავს. ამის გამო, ის 63-ე წუთზე შეცვალეს.

ზურიკო დავითაშვილი პსჟ-ის წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელია:

Le Parisien – 6 ქულა: პირველი 45 წუთის განმავლობაში ფრთხილი იყო. ქართველი იბრძოდა, რათა თამაშში განსხვავება შეეტანა და დასამახსოვრებელი ეპიზოდებიც ცოტა ჰქონდა. შესვენების შემდეგ გაიღვიძა და პსჟ-მა უპირატესობა მისი გოლით მოიპოვა. გოლის გატანა 56-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ ამჯერად მეკარეს ვერ აჯობა.

Sofoot – 6 ქულა: ის პსჟ-ს ორთქლმავალი იყო და მოედანზე ყოფნის ბოლო წუთამდე გუნდის თამაშს მართავდა. მის წინ კი მისივე მეგობარი, ზურიკო იდგა. განსაკუთრებული მატჩი არ ჰქონია.

Footmercato – 7 ქულა: მარცხენა ფლანგზე გავლენის არქონის გამო ლუის ენრიკე იძულებული გახდა მისთვის პოზიცია შეეცვალა, რამაც შედეგი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოიღო. გოლი თავიდან-ბოლომდე თავისით შექმნა. მეტოქის ნახევარზე პრესინგით ჯერ ბურთი მოიპოვა, შემდეგ კი მარცხენა ფეხით დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა. კლასიკური მოძრაობებით უამრავ განსხვავებას ქმნიდა, რაც მის პიროვნებას კიდევ ერთხელ ადასტურებდა. ქუსლის არეში მიღებული მცირე ტრავმის გამო, ლუის ენრიკე იძულებული გახდა, რომ ნაადრევად, დემბელეთი შეეცვალა.

L’equipe – 6 ქულა: წარმატებული დრიბლინგები ბევრი არ ჰქონია. 48-ე წუთზე ხელიდან რეალური შანსი გაუშვა, მაგრამ 50-ე წუთზე მაინც შეძლო გატანა, ეს კი პრაქტიკულად მარტომ გააკეთა. კონტრასტული მატჩი ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ მარჯვენა ტერფის არეში ჩარტყმით და შეცვლით დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია სენტ-ეტიენის წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელიასთვის, სენტ-ეტიენთან გატანილი გოლი ლიგა 1-ში მეორე იყო, საერთო ჯამში კი მას პარიზულ გუნდში 3 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

27 ტურის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე იზეიმებს, „სენტ-ეტიენი“ კი 20 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე „ანჟერს“ მიიღებს, „სენტ-ეტიენი“ კი სტუმრად „ლენსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსურს ჩემპიონობა პარკ დე პრენსზე ვიზეიმოთ | ენრიკე სენტ-ეტიენის განადგურების შემდეგ
მსურს ჩემპიონობა პარკ დე პრენსზე ვიზეიმოთ | ენრიკე სენტ-ეტიენის განადგურების შემდეგ