ექვსი ოლიმპიური ლიცენზია - მოციგურავეების ბოსტონური წარმატება
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გამართული ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნის დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა მცირე ჩავარდნებს თუ არ ჩავთვლით, უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და 2026 წელს მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ექვსი ლიცენზია მოიპოვეს.
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა პლანეტის პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მთავარი სპორტული ფორუმის საგზურის მოპოვებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ნიკა ეგაძე - მეცხრე, ხოლო დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის დუეტი მეათე პოზიციაზე გავიდა, რითაც საქართველომ მამაკაცთა კატეგორიაში სპორტულ ცეკვებსა და სპორტულ წყვილებში ოლიმპიადის 2-2 საგზური მიიღო.
ერთადერთი იმედგაცრუება ანასტასია გუბანოვას ასპარეზობა გახლდათ, რომელმაც მოკლე პროგრამაში მისთვის უჩვეულო, 28-ე ადგილი დაიკავა და მეორე დისციპლინაში გადასვლა ვერ შეძლო. თუმცა, გუბანოვას შეცდომის გამოსწორების და ზამთრის ლიცენზიის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლის კიდევ ერთი შანსი სექტემბერში მიეცემა, როდესაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გასამართ შეჯიბრებაში კიდევ ხუთი საგზური გათამაშდება.