მრგვალი თარიღი ისტორიული მოვლენიდან - 35 წლის წინ ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
ქართული ფეხბურთისთვის ფრიად მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენიდან ზუსტად 35 წელი შესრულდა - 1990 წლის 30 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, 80 ათასი გულშემატკივრის თვალწინ, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. სასტარტო მატჩში თბილისის „დინამომ“, რომელსაც მაშინ „იბერია“ ერქვა, ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა - ფოთელებმა გამარჯვების მომტანი ბურთი გელა კეტაშვილის ავტოგოლის შედეგად გაიტანეს.
შეხვედრის დაწყებამდე ქართული ფეხბურთი ჯერ ჩვენი ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ხოლო შემდეგ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ დალოცა. ბურთის თამაშში შეყვანის პატივი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორის, ვიტალი დარასელიას 11 წლის შვილს, უმცროს ვიტალი დარასელიას ერგო, ხოლო მატჩის მთავარი არბიტრი მევლუდ მიმინოშვილი გახლდათ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვების გოლი ამ დრომდე ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, გელა კეტაშვილის უიღბლობის შედეგად გავიდა. მას შემდეგ ეს თარიღი ყოველ წელს აღინიშნება. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრაზე მეტი მაყურებელი ისტორიულად ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ ორ მატჩზე, 1979 წლის 3 ოქტომბერს გამართულ „დინამო“ – „ლივერპულსა“ და 1995 წლის 29 მარტს ჩატარებულ საქართველო - გერმანიაზე იმყოფებოდა.