მუჯირი: ვცდილობთ, UEFA დავარწმუნოთ და იქნებ სასჯელი მინიმალური იყოს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადაცემაში „სპორტი იმედზე’’ სომხეთთან თბილისური მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როცა მაყურებელთა გარკვეული ნაწილი მოედანზე შეიჭრა და სტუმარი ქომაგების მიმართ აგრესიულად მოქმედებდა.
დავით მუჯირი: „UEFA-ს დელეგატმა საყვედური დაგვიწერა იმის გამო, რაც მატჩის შემდეგ მოედანზე მოხდა. ძალიან გული მწყდება, რადგან ჩვენი ნამდვილი გულშემატკივრის, ვინც მუდამ ჩვენს გვერდითაა, სახელი შებღალულია იმ მაყურებელთა გამო, ვინც მატჩის შემდეგ მოედანზე შეიჭრა. ჩვენი საფეხბურთო ატმოსფერო და ის ინტერესი, რაც დღეს ეროვნული ნაკრების მიმართ არის, ამ ინციდენტს არ იმსახურებს.
როცა მოედანზე ასეთი ქაოსია, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ხარვეზები არის. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოიქცევა გულშემატკივარი. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ასეთი ინციდენტი შემდეგ თამაშებში არ მოხდეს.
UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 9-10 აპრილს მიიღებს. ვცდილობთ, UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი დავარწმუნოთ, რომ სასჯელი მინიმალური იყოს. სასჯელი გვეკუთვნის, ეს ქცევა დასაგმობია. იქნებ, მინიმალური სასჯელით შემოვიფარგლოთ.
როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, მოედანზე ისევ გელოდებით, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა’’.
სავარაუდოდ, მინიმალურ სასჯელში ის იგულისხმება, რომ მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ არ ჩაატარებს. სწორედ ეს საკითხი გადაწყდება 9-10 აპრილს.
ფოტო: gff.ge