თავს კარგად ვგრძნობ, დიდი მადლობა ყველას | ნინიაშვილის კომენტარი
საფრანგეთს ტოპ 14-ში „ლიონის’’ ქართველი გარემარბი დავით ნინიაშვილი „ბაიონეს’’ მოთამაშესთან, არტურ იტურიასთან შეჯახების შემდეგ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა, ქართველი მორაგბე მძიმე ტრავმას გადაურჩა.
მოგვიანებით, „ლიონმა’’ ნინიაშვილის კომენტარი გაავრცელა: „უპირველესად, დიდი მადლობა ყველას, ბევრი შეტყობინება მივიღე. მადლობა ყველას, ვინც ბაიონში ჩვენს გვერდით იყო და გვქომაგობდა. თავს კარგად ვგრძნობ. წინ „ლიონი''.
მიმდინარე სეზონში 22 წლის დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში 16 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 3 ლელოა. ჩელენჯ ქაფზე ორ შეხვედრაში ერთი ლელო დადო.
ნინიაშვილი „ლიონში'' ბოლო სეზონს ატარებს, შემდეგ სეზონში „ლა როშელში'' ითამაშებს. გასული წლის სექტემბერში, როცა გაირკვა, რომ ეს სეზონი ქართველისთვის „ლიონში'' ბოლო იქნებოდა, კლუბის პრეზიდენტმა იან რუბერმა განაცხადა: „ეს ჰგავს მომენტს, როცა შვილი ოჯახს ტოვებს’’.
შეგახსენებთ, 2021 წელს დავით ნინიაშვილი „ხვამლიდან'' „ლიონში'' გადავიდა, სადაც თავი მალევე დაიმკვიდრა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ასევე, 2022 წელს მე-10 ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ბარბაროსებში ითამაშა.