შეტევაში შესანიშნავი იყო | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ზივზივაძეზე
ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ვოლფსბურგი’’ შინ „ჰაიდენჰაიმთან’’ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მე-16 წუთზე მარვინ პერინგერმა პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.
„ჰაიდენჰაიმმა’’ ორი ფორვარდით ითამაშა, ბუდუ ზივზივაძეს მარვინ პერინგერი შეუწყვილდა, ამ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი და ამ სეზონში 7 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი.
მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ქართველი თავდამსხმელი შეაქო: „დღეს მარვინმა და ბუდუმ წინ შესანიშნავად ითამაშეს. ბუდუ ძალიან აქტიური და მებრძოლი იყო, ბურთისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა’’.
გასულ ზამთარში „ჰაიდენჰაიმმა'' ზივზივაძე „კარლსრუედან'' 1,8 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი „ჰოფენჰაიმთან'' შეაგდო (ბუნდესლიგაში მისთვის მე-10 მატჩში), გუნდი მარცხისგან იხსნა, მომდევნო ტურში კი „ჰოლშტაინ კილთან'' მის აქტივში გოლი და საგოლე პასი იყო. მოკლედ, ბუნდესლიგის 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
27 ტურში „ჰაიდენჰაიმმა’’ 22 ქულა დააგროვა, 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილზეა, ამ მომენტში ფლეი-ოფის ზონაშია და უახლოეს კონკურენტს, „ზანქტ-პაულს’’ 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 5 აპრილს, „ჰაიდენჰაიმი’’ ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენს’’ მიიღებს. თუ სეზონს მე-16 ადგილზე დაასრულებს, ფლეი-ოფში ბუნდესლიგა 2-ში მესამე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. გამარჯვებული შემდეგ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებს.